X

რონდელის ბლოგი

რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები

2019 / 04 / 03

ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

 

2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები. უნდა ითქვას, რომ ეს არ ყოფილა რიგითი არჩევნები. წინასაარჩევნო კამპანია ძალზე პოლარიზებულ გარემოში მიმდინარეობდა, რადგან მხარეები ამ არჩევნებს  ერთგვარ ნდობის ვოტუმის თემად მიიჩნევდნენ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და მისი პარტიის 17-წლიანი მმართველობის მიმართ.

31 მარტის ადგილობრივ არჩევნებში მთავარი ინტრიგა იყო, თუ ვინ გაიმარჯვებდა დედაქალაქ ანკარასა და ყველაზე დიდ ქალაქ სტამბოლში, რადგან ერთი ქვეყნის პოლიტიკური დედაქალაქია, ხოლო მეორე - ეკონომიკური და კულტურული. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა სტამბოლის შედეგებს, რადგან თურქული პოლიტიკის დაუწერელი კანონის მიხედვით, ვინც აკონტროლებს სტამბოლს, ის აკონტროლებს მთელ ქვეყანასაც. თავის დროზე, თავად პრეზიდენტმა ერდოღანმა საკუთარი პოლიტიკური კარიერაც ხომ სწორედ სტამბოლის მერობიდან დაიწყო.

ერდოღანის მომხრეები - მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული ორიენტაციის „სამართლიანობისა და აღორძინების პარტია“ (AK Parti) და ასევე მემარჯვენე-ცენტრისტული „ნაციონალისტური მოძრაობის პარტია“ (MHP) გაერთიანდნენ საარჩევნოდ ჩამოყალიბებულ ე.წ. „სახალხო ალიანსში“. ხოლო ერდოღანის მოწინააღმდეგეებმა ჩამოაყალიბეს ე.წ. „ეროვნული ალიანსი“, რომელშიც შევიდნენ მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის  „სახალხო-რესპუბლიკური პარტია“ (CHP) და მემარჯვენე-ცენტრისტული „კარგი პარტია“ (İYİ Parti). ერდოღანის მოწინააღმდეგე მემარცხენე ორიენტაციის პროქურთული „ხალხთა დემოკრატიული პარტია“ (HDP) ტაქტიკური მოსაზრებებით ალიანსში არ გაერთიანებულა, თუმცა დიდ ქალაქებში საკუთარი კანდიდატების არ დაყენებით ფაქტიურად მხარი დაუჭირა „ეროვნულ ალიანსს“.

 

არჩევნების შედეგები

მთელი თურქეთის მასშტაბით მმართველმა პარტიამ 20,6 მლნ. ხმა მიიღო და 44,3%-ით პირველ ადგილზე გავიდა. თუ ამას დავუმატებთ მისი მოკავშირე ნაციონალისტების მიერ მიღებულ ხმების 7,3%-ს, საერთო ჯამში იქნება 51,6%, რაც ძალიან ახლოსაა გასული წლის 24 ივნისს თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებისას ერდოღანის მიერ მიღებული ხმების რაოდენობასთან (მაშინ ერდოღანმა  ხმების 52,6% მიიღო).

ოპოზიციურმა ალიანსმა, საერთო ჯამში, ხმების 37,6% მიიღო. მაგრამ მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მისმა კანდიდატებმა ექრემ იმამოღლუმ და მანსურ იავაშმა, შესაბამისად, სტამბოლსა და ანკარაში გაიმარჯვეს. ოპოზიციის მიერ დაყენებულმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან რეგიონში (მათ შორის ხმელთაშუაზღვისპირეთსა და საქართველოს მოსაზღვრე რეგიონებში), რომლებსაც წლების განმავლობაში „სამართლიანობისა და აღორძინების პარტია“ აკონტროლებდა.

ამ არჩევნების უმთავრესი მოვლენა უდავოდ არის ოპოზიციის მიერ სტამბოლში მოპოვებული გამარჯვება, სადაც მათ მცირედი სხვაობით (21 000 ხმით, რაც 0,25%-ია) ხელისუფლების ცნობად სახეს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის სძლიეს.

აღსანიშნავია, რომ მემარცხენეებმა სტამბოლის მერის არჩევნებში ბოლოს 30 წლის წინ გაიმარჯვეს. თუმცა, ახლანდელი წარმატება უფრო კოალიციური გამარჯვებაა, რაზეც დიდი გავლენა იქონია ბოლო პერიოდში ქვეყანაში წარმოქმნილმა სირთულეებმა.

შესაბამისად, არჩევნების შედეგების მიხედვით, ოპოზიციამ ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა. ოპოზიციონერებმა ამავე დროს დაიბრუნეს რწმენა საკუთარ თავში და იგრძნეს, რომ შესაძლებელია მმართველი პარტიის დამარცხება (ბოლო 16 წლის განმავლობაში თურქეთში ჩატარებულ ვერც ერთ არჩევნებში მათ ვერ შეძლეს ერდოღანისა და მისი პარტიის დამარცხება).

პროქურთულმა „ხალხთა დემოკრატიულმა პარტიამ“ ტრადიციულად გაიმარჯვა თურქეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონების იმ გუბერნიების ნაწილში, სადაც ქურთული წარმოშობის ბევრი მოქალაქე ცხოვრობს.  

 

მიზეზები

თურქეთში ბოლო დროს საგრძნობლად გაუარესდა ეკონომიკური მდგომარეობა: ქვეყნიდან გაედინება უცხოური (განსაკუთრებით დასავლური) კაპიტალი, ა.წ. იანვარ-თებერვალში 20%-მდე გაიზარდა ინფლაცია (განსაკუთრებით გაიზარდა სურსათის ფასი), უმუშევრობის დონემ 13,5%-მდე აიწია (განსაკუთრებით მაღალია უმუშევრობის დონე ახალგაზრდებში - 30%), ბოლო 1 წელიწადში თურქული ლირა 28%-ით გაუფასურდა, გაკოტრდა მრავალი კომპანია, გასული წლის ბოლო კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა 3%-ით, ა.წ. იანვარში წარმოება შემცირდა 7,3%-ით, დაიხურა ქარხნები და ა.შ.

ეს ყველაფერი უარყოფითად,  უპირველეს ყოვლისა, დიდი ქალაქების მოსახლეობაზე აისახა. სწორედ მათი განწყობების გამოძახილია ადგილობრივი არჩევნების ის შედეგები, რაც დაიდო ამ ქალაქებში.

ამავე დროს მნიშვნელოვანი იყო პროქურთული „ხალხთა დემოკრატიული პარტიის“ მიერ ოპოზიციური ბლოკის არაპირდაპირი მხარდაჭერა, რამაც ბევრ ქალაქში განსაზღვრა კიდეც არჩევნების ბედი. 

 

დასკვნები

  • თურქეთსა და უკრაინაში ჩატარებული არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ რეგიონი ღიაა ცვლილებებისთვის და დემოკრატიული პროცესი მხარდაჭერილია დასავლეთის მხრიდან;
  • თურქეთში, განსაკუთრებით ეკონომიკური სირთულეების ფონზე, იზრდება ოპოზიციური განწყობები, სადაც უპირველეს ყოვლისა დიდმა ქალაქებმა გამოთქვეს თავიანთი უკმაყოფილება;
  • არჩევნების ეს შედეგები არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ცვლილებები მოხდება უფრო მაღალ დონეზე. თურქეთში სულ რაღაც 9 თვის წინ ჩატარდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. შესაბამისად, თუ რამე ექსტრაორდინალური არ მოხდა, უახლოეს ხანში მოსალოდნელი არაა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება;
  • არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ეკონომიკურ სირთულეებთან გამკლავება იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ უახლოეს ხანში თურქეთში არ იგეგმება არჩევნების ჩატარება, ხელისუფლებას ეძლევა შანსი უფრო თავისუფლად იმოქმედოს აქტიური და ეფექტიანი რეფორმების გასატარებლად;
  • ამ მიზნის მისაღწევად გამორიცხული არ არის მთავრობის შემადგენლობის გადახალისებაც;
  • ამავე დროს, ანკარას მოუწევს დასავლეთთან ურთიერთობის ნორმალიზება (განსაკუთრებით ბევრი პრობლემა დაგროვდა ბოლო პერიოდში აშშ-სთან ორმხრივ ურთიერთობებში), რაც აუცილებელია უცხოური (უპირველეს ყოვლისა - დასავლური) კაპიტალის მოზიდვის კუთხით;
  • საკუთარი წარმატებების გაზრდის შანსი ეძლევათ ოპოზიციურ პარტიებსაც. თუ ისინი შეძლებენ წარმატებით გაართვან თავი იმ მუნიციპალიტეტების პრობლემებს, სადაც გამარჯვება მოიპოვეს, მათ შეეძლებათ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღონ თურქეთის სხვა რეგიონებშიც;
  • ცხადია, რომ არსებული პრობლემები ადვილად ვერ მოგვარდება. ამ კუთხით ყველაზე მტკივნეული შეიძლება იყოს ლირის შემდგომი დევალვაცია;
  • დაბოლოს, რამდენადაც საქართველოსთვის თურქეთი ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია და თან ათეულ ათასობით საქართველოს მოქალაქე მუშაობს ამ ქვეყანაში, იქ არსებული ეკონომიკური სირთულეები ბუნებრივად აისახება საქართველოზეც.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.