რონდელის ბლოგი

თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე

2020 / 07 / 28

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 
 

ძალზე ბუნებრივია, რომ ისტორიული, ეთნიკური და კულტურული კავშირების  გამო ოფიციალური ანკარა სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში ყოველთვის ბაქოს მხარეს იჭერდა. თუმცა, 12 ივლისს აზერბაიჯანის თოვუზის რაიონის მიმდებარედ დაწყებული ბოლო სამხედრო კონფრონტაციის დროს ანკარის პოზიცია წინა პერიოდებთან შედარებით უფრო მკვეთრი რიტორიკითა და ქმედებებით გამოირჩეოდა, რამაც გააჩინა კითხვა: ხომ არ იცვლება თურქეთის პოლიტიკა კავკასიაში და თუ იცვლება, რა მიმართულებით?


 ზოგადი სურათი

საბჭოთა კავშირის დაშლისა და „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ანკარის წინაშე აღარ დგას მოსკოვიდან მომდინარე უშუალო ეგზისტენციური საფრთხე. შესაბამისად, დასავლეთმა (განსაკუთრებით, ვაშინგტონმა) თურქეთისთვის დაკარგა უწინდელი უსაფრთხოების ერთგვარი გარანტორის როლი. ამას დაემატა თურქეთის ხელისუფლებაში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და მისი პოლიტიკური ორგანიზაციის (AKP - სამართლიანობისა და აღორძინების პარტია) მოსვლა, რომლებიც უფრო დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის გატარების მომხრეები არიან.

ასეთ სიტუაციაში ოფიციალურმა ანკარამ ნელ-ნელა, მაგრამ გადაჭრით დაიწყო დასავლეთისგან დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარება და ეს განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის რეგიონში იგრძნობა. შედეგად, ვხედავთ თურქეთის აქტიურ ჩართულობას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებში (სირიისა და ლიბიის სამოქალაქო ომებში). ამ დაუსრულებელ კონფლიქტებში კი მის მთავარ უხერხულ მოწინააღმდეგედ, როგორც წესი, ყოველთვის მოსკოვი გამოდის, რომელმაც არაერთი საფრთხისა და გამოწვევის წინაშე დააყენა ანკარა.

თურქეთის ხელისუფლების გადმოსახედიდან ამ დიდი სურათის ნაწილია სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაც, სადაც მოსკოვი, ტრადიციულად, ერევანს უჭერს მხარს, ხოლო ანკარა - ბაქოს. თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ახლო კონტაქტების მაჩვენებელია პრინციპი „ორი სახელმწიფო, ერთი ერი“ (ამ ფორმულით იგულისხმება, რომ თურქები და აზერბაიჯანელები ერთი ერია, ოღონდ ორი სახელმწიფო აქვთ), რაზეც მხარეები ხშირად აპელირებენ ორმხრივი ურთიერთობების აღწერისას.

რუსულ-თურქული ურთიერთობების განხილვისას გასათვალისწინებელია კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: 2020 წლის გაზაფხულიდან თურქეთისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი არა რუსეთი, არამედ უკვე აზერბაიჯანია (იგი უზრუნველყოფს თურქეთის ბაზრის მოთხოვნის 23,5%-ს). 2019 წელს ყველაზე დიდი მიმწოდებელი 33%-ით რუსეთი იყო, რაც მიმდინარე წელს 9,9%-მდე შემცირდა. შესაბამისად, მკვეთრად შემცირდა თურქეთის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება, რაც, თავის მხრივ, ბუნებრივად მალევე აისახა პოლიტიკურ ურთიერთობებზეც.

რამდენადაც სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება დაიწყო არა სამხედრო თვალსაზრისით უფრო „ცხელ“ ყარაბაღში, არამედ თოვუზის რაიონის მიმდებარედ, სადაც ფრონტის ხაზთან ძალიან ახლოს გადის სწორედ ის გაზსადენი (ისევე როგორც, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა), რომლითაც თურქეთი აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით მარაგდება, ანკარაში ჩათვალეს, რომ არ შეიძლებოდა ეს შემთხვევითობა ყოფილიყო.

თოვუზის რაიონი, სადაც გადის უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნები 

ყველა ზემოხსენებული ფაქტორის გათვალისწინებით, სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობაზე თურქეთის რეაქცია საკმაოდ მკაცრი იყო როგორც სომხეთის, ისე რუსეთის მიმართ.

 

თურქეთის პოზიცია სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობასთან მიმართებით

12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობის განახლების შემდეგ სატელეფონო კონსულტაციები გაიმართა თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს, ასევე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შორის, რის შემდეგაც გაკეთდა ოფიციალური განცხადებები.

თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა მკაცრად დაგმო სომხეთის ქმედებები, დაადანაშაულა რა ეს უკანასკნელი აზერბაიჯანზე განხორციელებულ სისტემატურ თავდასხმებში და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სიტუაცია აალდა არა ყარაბაღში, არამედ უფრო ჩრდილოეთით, ორი ქვეყნის საზღვარზე.

თურქეთის პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ ეს შეტევა ცდება სომხეთის შესაძლებლობებს, რითაც მიანიშნა, რომ ფიქრობს, ერევნის ქმედებების უკან მოსკოვი დგას.

საინტერესოა, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა თავის გამოსვლაში ისტორიულ კონტექსტზეც ისაუბრა. კერძოდ, მან აღნიშნა: „გავაგრძელებთ იმ მოვალეობის შესრულებას კავკასიაში, რასაც ჩვენი წინაპრები ასრულებდნენ საუკუნეების განმავლობაში“. მას არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ იგულისხმა წინაპრებში და არც ისტორიულ თემატიკაზე გააგრძელა საუბარი. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ერდოღანმა თავის გამოსვლაში „წინაპრებში“ იგულისხმა ოსმალები, რომლებმაც თურქული ოფიციალური ისტორიის  მიხედვით, დაკავებულ ტერიტორიებზე „სამართლიანობა და სიმშვიდე“ მიიტანეს.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „თურქეთი მთელი თავისი შესაძლებლობებით განაგრძობს აზერბაიჯანის გვერდით დგომას იმ ბრძოლაში, რომელიც ეხება მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეს“.

ბრძოლების დაწყებიდან მალევე, 16 ივლისს, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე და სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი რამიზ თახიროვი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სასწრაფოდ  ეწვია ანკარას, სადაც შეხვედრები გამართა თურქეთის თავდაცვის მინისტრთან, გენშტაბის უფროსთან და ჯარების სახეობების სარდლებთან.

თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის შეხვედრა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე რამიზ თახიროვთან

მართალია, შეხვედრის დეტალები არ გასაჯაროებულა, თუმცა ადვილად მისახვედრია, რომ იქ მსჯელობის ძირითადი თემა ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის საკითხები იქნებოდა.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა დაგმო რა სომხეთის ქმედებები, მუქარანარევ განცხადებაში დასძინა, რომ ამ უკანასკნელს მოუწევს „შესაბამისი საფასურის“ გადახდა. მან იქვე აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა და მისი შეიარაღებული ძალები გააკეთებენ ყველაფერს, რისი გაკეთებაც საჭიროა შექმნილ სიტუაციაში. 

16 ივლისს აზერბაიჯანის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გააკეთეს თურქეთის პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების  ფრაქციების ხელმძღვანელებმა. ამ განცხადებაში, რომელსაც თურქეთის მემარცხენე და მემარჯვენე ორიენტაციის ოპოზიციური პარტიებიც (გარდა პროქურთული „ხალხთა დემოკრატიული პარტიისა“) შეუერთდნენ, დაგმობილია სომხეთის პოლიტიკა, ხაზგასმულია აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მხარდაჭერა და საუბარია სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე.

ბუნებრივია, რომ ანკარის ეს პოზიცია ცალსახად მოიწონა ბაქომ, ხოლო ერევანმა მკაცრად დაგმო თურქეთის მიერ აზერბაიჯანისათვის გამოთქმული უპირობო მხარდაჭერა.

საინტერესოა, რომ თურქულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია სომხეთის მიერ მინგეჩაურის წყალსაცავზე შესაძლო შეტევის საპასუხოდ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, ვაგიფ დარგიაჰლის განცხადებაზე, როდესაც ამ უკანასკნელმა აღნიშნა: „სომხურ მხარეს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალების ულტრათანამედროვე სარაკეტო სისტემას უნარი აქვს ზუსტად დაარტყას მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს, რაც უდიდესი ტრაგედია იქნება სომხეთისთვის“. აღსანიშნავია, რომ ეს ატომური ელექტროსადგური თურქეთ-სომხეთის საზღვრიდან სულ რაღაც 15 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და მისი დაზიანების შემთხვევაში სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისი შეიძლება შეიქმნას თურქეთის აღმოსავლეთ გუბერნიებში.

თურქეთ-სომხეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარე მეწამორის ატომური ელექტროსადგური

 

დასკვნები

  • ოფიციალური ანკარა ბოლო პერიოდში საკმაოდ გაააქტიურებულია საგარეო პოლიტიკის (და მათ შორის, კავკასიის) მიმართულებით. ეს აქტიურობა არ ნიშნავს მისი პოზიციების ცვლილებას. პირიქით, იგი უფრო მკვეთრად სვამს და მომავალშიც დასვამს აქცენტებს იმ თემებზე, რომლებიც შედის მის ეროვნულ ინტერესებში;
  • ამ კონტექსტში თურქეთი კიდევ უფრო აქტიური იქნება კავკასიაში, უპირველეს ყოვლისა, აზერბაიჯანის (და შესაბამისად, საქართველოს) ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში;
  • თურქეთი, სავარაუდოდ, გააქტიურებს სამხედრო თანამშრომლობას (ეს შეიძლება იყოს დამატებითი დრონებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების, ასევე სადაზვერვო სახის ინფორმაციის მიწოდება, ერთობლივი წვრთნების ინტენსივობის გაზრდა, სამხედრო მრეწველობისა და სამხედრო განათლების სფეროებში დახმარების გაზრდა და ა.შ.) აზერბაიჯანთან;
  • თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ანკარა მზადაა სომხეთთან და მის უკან მდგარ რუსეთთან პირდაპირი სახის სამხედრო კონფრონტაციის დასაწყებად კავკასიის რეგიონში. სომხეთის „კუხოში“ (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) წევრობა, გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა და თურქეთ-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე მდგარი რუსი მესაზღვრეები შეკავების მნიშვნელოვან ფაქტორებად რჩება ანკარისთვის;
  • ამის მიუხედავად, ანკარას კავკასიის რეგიონში შეუძლია სხვადასხვა  (მათ შორის, სამხედრო სახის) სიურპრიზი შესთავაზოს როგორც ერევანს, ისე მოსკოვს;
  • ანკარას რეგიონში სჭირდება მოკავშირეები. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ანკარის მიერ 2020 წლის იანვარში გაკეთებული განცხადებაც, რომელშიც თურქეთმა კიდევ ერთხელ საჯაროდ დაუჭირა მხარი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც უნდა ველოდოთ მის გააქტიურებას.

თემატური პოსტები

© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.