X

რონდელის ბლოგი

ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო

2023 / 06 / 26

ავტორი: ნინო მაჭარაშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

 

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციიდან ერთი წლის განმავლობაში  ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 10 პაკეტი მიიღო, თუმცა ამას კრემლის საომარი განწყობა მნიშვნელოვნად არ დაუქვეითებია. მეტიც, 2022 წელს რუსეთის ეკონომიკა მხოლოდ 2%-ით შემცირდა, 2023 წელს კი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, შეიძლება გაიზარდოს კიდეც. ამასთან, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებულ სამხედრო აღჭურვილობასა და იარაღში ევროკავშირში წარმოებული 770-მდე ნაწილი აღმოაჩინეს. აღნიშნული ფაქტები „აშიშვლებს“ ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების ხარვეზებს, აჩენს ვაჭრობაში ახალი „შუალედური რგოლების“ არსებობის ეჭვებს, რაც, საბოლოო ჯამში, ძირს უთხრის სანქციებით დაწესებული ამკრძალავი ზომების მიზანსა და ეფექტიანობას.

სანქციების საერთაშორისო რეჟიმში არსებული „ხვრელების ამოსავსებად“ 2023 წლის 23 ივნისს ბრიუსელში სანქციების მე-11 პაკეტი ოფიციალურად დაამტკიცეს. დასავლეთში ფიქრობენ, რომ გასულ წელს მიღებული გაკვეთილების საფუძველზე შემუშავებული სანქციები გააუმჯობესებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებს.

მე-11 პაკეტზე მუშაობისას გაჟღერებული მოსაზრებით, სანქციები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად, შესაძლოა სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, მათ შორის, საქართველოზე გავრცელებულიყო. თუმცა, ეს ასე არ მოხდა.

ჩვენს ბლოგში მოკლედ გაგაცნობთ ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტის შინაარსს, საქართველოზე მისი გავრცელების მოლოდინსა და სამომავლო პროგნოზს.

რას გულისხმობს სანქციების მე-11 პაკეტი?

მე-11 პაკეტის ფარგლებში ევროკავშირის სანქციების დაწესების მიზანს იმ „ხვრელების“ ამოვსება წარმოადგენს, რომელმაც შეამცირა რუსეთის მიმართ აქამდე დაწესებული სანქციების ეფექტიანობა. მე-11 პაკეტით, ერთი მხრივ, გაგრძელდა და გამკაცრდა არსებული შეზღუდვები, მეორე მხრივ კი, სანქციების ადრესატებს შორის მესამე ქვეყნები, ანუ ისინი მოხვდნენ, ვინც რუსეთს ევროკავშირის მიერ დაწესებული ემბარგოსგან თავის არიდებაში ეხმარება.

კერძოდ, შემუშავდა ახალი „გვერდის ავლის საწინააღმდეგო“ (anti-circumvention) მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც აიკრძალა განსაზღვრული სანქცირებული საქონლისა და ტექნოლოგიის გაყიდვა, მიწოდება, გადაცემა ან ექსპორტი ისეთ მესამე ქვეყნებში, რომელთა იურისდიქციაც განიხილება სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობის მხრივ მაღალი რისკის მატარებლად. ამასთან, აიკრძალა რუსეთის გავლით მესამე ქვეყნებში ექსპორტირებული გარკვეული მგრძნობიარე საქონლის (მაგ., მოწინავე ტექნოლოგიები, ავიაციასთან დაკავშირებული მასალები და სხვა) ტრანზიტი.

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის სამხედრო და სამრეწველო კომპლექსის უშუალო მხარდამჭერთა სიას 87 ახალი სუბიექტი დაემატა. ახლა ისინი დაექვემდებარებიან უფრო მკაცრ საექსპორტო შეზღუდვებს ორმაგი დანიშნულებისა და მოწინავე ტექნოლოგიების პროდუქციის მხრივ. რუსეთისა და ირანის სუბიექტების გარდა, ამ ჩამონათვალში ჩინეთში, უზბეკეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, სირიასა და სომხეთში რეგისტრირებული სუბიექტებიც მოხვდნენ.

ბრიუსელში იმედოვნებენ, რომ მე-11 პაკეტი „ამოავსებს ხვრელებს“, აღარ მოხდება ევროკავშირთან მოვაჭრე ქვეყნებიდან რუსეთისათვის  იმ საქონლისა და ტექნოლოგიების მიწოდება, რომლებსაც კრემლის სამხედრო მცდელობებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ. ყველაფერი ეს კი, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს კრემლის საომარი შესაძლებლობების დასუსტებას.

რატომ მოიაზრებოდა საქართველო სანქციების პოტენციურ ადრესატთა შორის?

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკა მოულოდნელად გაიზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდამ ორნიშნა ნიშნულს მიაღწია და 10,1% შეადგინა. 2023 წელს ამ ნიშნულის 4%-მდე შემცირება ივარაუდება. ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, ანალიტიკოსების მოსაზრებით, ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ფაქტორი ისევ არსებობს, რაც ყურადღების ცენტრში ტოვებს საქართველოს. მამოძრავებელი ფაქტორის იდენტიფიცირება კი მარტივად შეიძლება – ქართული ეკონომიკა რუსეთის იზოლაციით სარგებლობს.

საქართველო დღემდე არ არის მიერთებული აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციებს, თუმცა, ფორმალურად, რუსეთთან ურთიერთობით დასავლელი პარტნიორების წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს არ არღვევს. მოსაზრებას, რომ საქართველო შესაძლოა საეჭვო მესამე ქვეყნების ჩამონათვალში მოხვედრილიყო, რამდენი ფაქტობრივი გარემოების ანალიზი აჩენდა:

  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის უჩვეულო და მოულოდნელი ვიზიტი შეერთებულ შტატებში. მინისტრი 2023 წლის 11 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელ ჯიმ ო’ბრაიენს  შეხვდა. შეხვედრის ოფიციალურ დღის წესრიგში ბანალური ინფორმაციის მითითება ზრდის იმის ალბათობას, რომ ხუციშვილი სწორედ სანქციებისათვის თავის არიდებაში რუსეთის დახმარების გამო „დაიბარეს“. კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში, ამ შეხვედრას გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა დასავლეთთან საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას რუსეთისათვის დაწესებული სანქციების ეფექტიანობის გაზრდაში.
  2. ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებით, შეერთებული შტატებისთვის საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც სანქციების გვერდის ავლის პრობლემას იწვევს. ამ ჩამონათვალში საქართველოსთან ერთად მოხვდნენ: თურქეთი, ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სომხეთი. ო’ბრაიენის მოსაზრებით, ევროპული კომპანიები სხვა ქვეყნებში ყიდიან პროდუქციას, ისინი კი რუსეთს ამარაგებენ. ამ გზით ხელი ეწყობა რუსული „ომის მანქანებისათვის“ საჭირო საკვანძო მიკროჩიპებისა და ელექტრონიკის ექსპორტს. შეერთებულ შტატებში მხარს უჭერენ სანქციების გვერდის ავლის შემთხვევებზე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მიმართ ახალი მექანიზმების შემუშავებას.
  3. დევიდ ო’სალივანის, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, გამაფრთხილებელი და ფაქტების დამდგენი მისიით მოსალოდნელი ვიზიტი საქართველოში, რომელიც რამდენიმე კვირაში გაიმართება. Politico-ს ცნობით ო’სალივანი უკვე ესტუმრა ისეთ საეჭვო მესამე ქვეყნებს, როგორებიცაა თურქეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი, ის 11 მაისს სერბეთის პრეზიდენტსაც შეხდა. როგორც ვარაუდობენ, ო’სალივანი სერიოზულ საუბარს გამართავს საქართველოს ხელისუფლებასთან სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლის კუთხით.

საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესების შესახებ გავრცელებულ ხმებს ხელისუფლებიდან ლაშა ხუციშვილი გამოეხმაურა, მათ „ყალბი ინფორმაცია“ და „უსაფუძვლო ბრალდებები“ უწოდა. მინისტრის თქმით, ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი სანქციების დარღვევის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება თუ ფაქტი. ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს და აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან. საპირისპიროზე მიუთითებს ის გარემოება, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით თბილისის პოზიციას მოსკოვში „დაბალანსებულს“ უწოდებენ და მას მიესალმებიან.

კვლავ არსებობს თუ არა საქართველოს სანქცირების საფრთხე?

სანქციების მე-11 პაკეტზე მუშაობისას გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ევროკავშირს საეჭვო მესამე ქვეყნების მიმართ მოქმედების ორსაფეხურიანი მექანიზმი ჰქონდა შემუშავებული:

პირველ რიგში, ბლოკი მათთან ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე აპირებდა ფოკუსირებას, რაც დიპლომატიური ჩართულობითა და ტექნიკური დახმარების გაწევის გზით მიიღწევა. ასეთი ქმედების არაეფექტიანობის შემთხვევაში კი, უნდა განსაზღვრულიყო მაღალი რისკის მქონე მესამე ქვეყანათა ჩამონათვალი, რომელთა იურისდიქციაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად გამოიყენება. სწორედ ასეთი ქვეყნები, მათი მოქალაქეები და იქ რეგისტრირებული იურიდიული პირები უნდა გამხდარიყვნენ სანქციების მე-11 პაკეტის სამიზნეები. მართლაც, ო’სალივანი სტუმრობდა რამდენიმე ისეთ საეჭვო მესამე ქვეყანას (ყაზახეთი, სომხეთი, ...), სადაც რეგისტრირებული კომპანიები სანქციების ადრესატთა შორის მოხვდნენ. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ სახელმწიფოთა ხელისუფლებებთან მექანიზმის პირველი საფეხურით მოქმედება არაეფექტიანი აღმოჩნდა.

ახლა კი ო’სალივანის ვიზიტი საქართველოში აჩენს ვარაუდს, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოსთან გააღრმაოს ორმხრივი თანამშრომლობა, დიპლომატიური გზით შეუწყოს ხელი საქართველოს პოლიტიკის ცვლილებას, ურთიერთობის შემცირებას რუსეთთან (განსაკუთრებით პირდაპირი ფრენების განხორციელების კუთხით) და, საბოლოო ჯამში, მისი საეჭვო მესამე ქვეყნების სიიდან ამორიცხვას. თუ ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება არ იქნება მზად, განახორციელოს ცვლილებები და უარს ეტყვის ევროკავშირს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე, სავარაუდოა, რომ ბრიუსელი მოქმედების მეორე საფეხურზე გადავიდეს.

დასკვნა

არსებული ეჭვების მიუხედავად, ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტის ადრესატთა შორის საქართველო და ქართული კომპანიები არ მოხვდნენ. თუმცა ის არგუმენტები, რაც ამ ეჭვებს აჩენდა, დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას. ო’სალივანის ვიზიტი საქართველოსთვის იქნება შესაძლებლობა დიპლომატიური გზით გააუვნებელყოს გაჩენილი ეჭვები და დროულად შეცვალოს სახელმწიფო პოლიტიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთთან პირდაპირი ფრენების განმახორციელებელი და ფრენების მომსახურებით დაკავებული ქართული კომპანიები მომავალში შეიძლება სანქცირებულ სუბიექტთა შორის  ვიხილოთ. ფაქტია, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებით დასავლეთის თვალში რეპუტაციულ დონეზე უკვე მნიშვნელოვნად დავზარალდით. 

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.