რონდელის ბლოგი
კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
სალომე აბრამიშვილი, სამხრეთ ევროპის კვლევების (EUROSUD) სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, გლაზგოს უნივერსიტეტი
გიორგი ფაჩუაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტი, სამოქალაქო მოძრაობა „კითხვის ნიშნის“ პრეზიდენტი
წყარო: In-Cyprus.com
2023 წლის თებერვალში კვიპროსის სამხრეთ ნაწილში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც კონსერვატორმა პოლიტიკოსმა ნიკოს ქრისტოდულიდისმა ხმების 51.8%-ით გაიმარჯვა. გამომდინარე იქიდან, რომ ქრისტოდულიდისს მხარს უჭერენ ცენტრისტი და მემარჯვენე პარტიები, რომლებიც კვიპროსის ფედერალური ქოლგის ქვეშ გაერთიანების წინააღმდეგები არიან, არჩევნების შედეგები ეჭვქვეშ აყენებს კუნძულზე არსებული კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივას და ართულებს ურთიერთობებს საბერძნეთსა და თურქეთს შორის. სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვა: რა გავლენას ახდენს კვიპროსის საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობებზე და, უფრო ფართოდ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალზე? ამ დაპირისპირების საფუძველი გასულ საუკუნეში უნდა ვეძებოთ, რათა უკეთ გავიაზროთ ამჟამინდელი კონტექსტი.
კუნძულის ორად გაყოფა
კვიპროსი ბრიტანეთის კოლონიალიზმისგან 1960 წელს გათავისუფლდა. კვიპროსის გათავისუფლების ეროვნული ორგანიზაცია (EOKA), რომელიც ძირითადად კვიპროსელი ბერძნებისგან შედგებოდა, მოითხოვდა კუნძულის საბერძნეთთან გაერთიანებას, მაგრამ ამას წინ აღუდგა თურქეთის წინააღმდეგობის ორგანიზაცია (TMT). სწორედ აქედან გაჩნდა კუნძულზე ეთნიკურად ბერძნებისა და თურქების დაყოფა, რაც შემდგომ პოლიტიკაზეც აისახა. 1960 წლის კონსტიტუცია ძალაუფლებას კვიპროსელ ბერძენ პრეზიდენტსა და კვიპროსელ თურქ ვიცე-პრეზიდენტს შორის ანაწილებდა, რამაც ხელი შეუწყო კვიპროსელი ბერძნებისა და თურქების უფრო მეტად დაშორებას. კუნძული ორად გაიყო 1974 წელს, როდესაც იქ თურქეთი „სამშვიდობო ოპერაციის“ ჩასატარებლად შეიჭრა. სავარაუდოდ, 160 000-მდე კვიპროსელი ბერძენი იძულებით გადაადგილდა სამხრეთით, ხოლო 45 000-მდე თურქი - ჩრდილოეთით და ჩამოყალიბდა თვითგამოცხადებული ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა (KKTC), რომელსაც მხოლოდ თურქეთი აღიარებს. სწორედ აქედან კონფლიქტი ითვლება გაყინულად.
გაყინული კონფლიქტი და არშემდგარი მოლაპარაკებები
წლების განმავლობაში კონფლიქტის მოგვარების არაერთი მცდელობა იყო, რომელშიც ყველაზე დიდ როლს პრეზიდენტები ასრულებდნენ. მოლაპარაკებები პირველად დაიწყო 1988 წელს კვიპროსის პრეზიდენტად არჩეულ გიორგი ვასილიოუსა და KKTC-ის ლიდერ რაუფ დენქთაშს შორის. იმის გამო, რომ დენქთაში კუნძულის ორივე ნაწილის სუვერენული სტატუსის მქონე ერთეულებად აღიარებასა და კვიპროსელების არა ერთ საზოგადოებად, არამედ ორ სხვადასხვა ხალხად მიჩნევას მოითხოვდა, მოლაპარაკებები ჩაიშალა. კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობა კიდევ უფრო შემცირდა 1994 წლის ივლისში, როდესაც მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას ევროკავშირში ექსპორტი აუკრძალა, რის შემდეგაც KKTC-ის ეროვნულმა ასამბლეამ კონსტიტუციიდან ამოიღო სამომავლო პერსპექტივა ბერძნებთან კონფედერაციის შესახებ, ხოლო 1995 წლიდან კვიპროსელი ბერძნების ყურადღება ევროკავშირში გაწევრიანებაზე გადაერთო.
2003 წლის დეკემბერში მოვლენები უფრო იმედისმომცემი აღმოჩნდა, როდესაც KKTC-ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეჰმედ ალი თალათმა, ოპოზიციური რესპუბლიკური თურქული პარტიის ლიდერმა დაიკავა. 2004 წლის მარტში შვეიცარიაში გაიმართა მოლაპარაკებები გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანისა და საბერძნეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით. მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ 2004 წლის 24 აპრილს კუნძულზე ორი რეფერენდუმი უნდა ჩატარებულიყო, რათა „ჩამოეყალიბებინათ კვიპროსის გაერთიანებული რესპუბლიკა“. რეფერენდუმზე ანანის გეგმას კვიპროსელი ბერძნების 24%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო კვიპროსელი თურქებიდან 65%-მა, რამაც კონფლიქტი კვლავაც მოუგვარებელი დატოვა. მომდევნო წლებში კვიპროსის სამშვიდობო პროცესებისადმი მხარდაჭერა შესუსტდა.
საბერძნეთ-თურქეთის ურთიერთობები
1996-1998 წლებში საბერძნეთსა და თურქეთს შორის კვიპროსის საკითხის გამო არსებული ისედაც დაძაბული ურთიერთობა გაუარესდა. 1996 წელს თურქეთსა და საბერძნეთს შორის დავა დაუსახლებელი კუნძულ კარდაკის (ბერძნულად იმია) გამო დაიწყო – თურქეთს ეჭვი გაუჩნდა, რომ საბერძნეთს, შესაძლოა, სუვერენული უფლებები მთელ ეგეოსის ზღვაზე მოეთხოვა. საბედნიეროდ, საბერძნეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი შეიარაღებული შეტაკების რისკი ამერიკელი შუამავლის სწრაფი ჩარევით აიცილეს. ერთი წლის შემდეგ დავა კვლავ განაახლა, როდესაც კვიპროსის პრეზიდენტის – გლაფკოს კლერიდესის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსეთს 48 S-300-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემები შეუკვეთა, რაც თურქეთმა საფრთხედ აღიქვა. 1998 წლის დეკემბერში კლერიდესმა ვაშინგტონის ძლიერი ზეწოლის გამო უკან დაიხია.
1999 წელს ევროკომისიის ჰელსინკის სამიტის გადაწყვეტილების შემდეგ თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობები, ერთი შეხედვით, გაუმჯობესდა. საბერძნეთი აშკარად უჭერდა მხარს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას, რამაც დადებითი გავლენა იქონია თურქეთის დამოკიდებულების ცვლილებაზე. მოგვიანებით, ორ სახელმწიფოს შორის გაფორმდა შეთანხმება ინვესტიციების წახალისებისა და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ და 2007 წელს თურქეთ-საბერძნეთის გაზსადენი გაიხსნა. საბერძნეთი და თურქეთი შეთანხმდნენ თანამშრომლობის რიგ საკითხებზეც: ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, არალეგალური მიგრაცია, ტურიზმის ხელშეწყობა, გარემოს დაცვა. მიუხედავად პროგრესისა, დავა ეგეოსის ზღვის ტერიტორიული წყლებისა და ბუნებრივი რესურსების შესახებ ვერ გადაიჭრა.
2020 წლიდან თურქეთსა და საბერძნეთს შორის დაძაბულობამ საგრძნობლად მოიმატა, როდესაც მხარეები ერთმანეთს აია-სოფიას მუზეუმის მეჩეთად გადაკეთების საკითხს ედავებოდნენ. მოგვიანებით, დაპირისპირების კერამ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასა და ეგეოსის ზღვაში გადაინაცვლა და საბრძოლო რიტორიკა ორივე ქვეყანაში გახშირდა, რამაც გააჩინა მოლოდინი, რომ პატარა ინციდენტები შესაძლოა დიდ სამხედრო ესკალაციაში გადაიზარდოს.
კვიპროსის არჩევნები და მისი გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთზე
2023 წლის თებერვალში კვიპროსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. გამოიკვეთა სამი მოწინავე კანდიდატი: ავეროფ ნეოფიტუ - მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის, DISY-ის ლიდერი (სწორედ ამ პარტიის წარმომადგენელი ფლობდა პრეზიდენტის მანდატს ბოლო დეკადის განმავლობაში), ანდრეას მავროიანისი - კომუნისტური პარტია AKEL-ის მიერ მხარდაჭერილი, და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკოს ქრისტოდულიდისი - დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც მხარი მესამე უმსხვილესმა პარტიამ, DIKO-მ, დაუჭირა. მმართველი ძალით უკმაყოფილო კვიპროსელებმა მეორე ტურში მავროიანისი და ქრისტოდულიდისი გაიყვანეს. თუმცაღა, მავროიანისიც ტრადიციულ ნომენკლატურას წარმოადგენდა, ამიტომაც გაიმარჯვა ქრისტოდულიდისმა. რატომ არის ამ არჩევნების შედეგი ასეთი საკვანძო და რა გავლენას ახდენს ის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონზე?
პირველ რიგში, აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მიმდინარე დისკუსიაზე. იგი მოიცავდა რიგ სოციალურ-პოლიტიკურ თემებს, კორუფციულ სკანდალებს, შიდა პროცესებს, თუმცაღა საეჭვოდ აკლდა საგარეო ფაქტორები. მაგალითად, თუ აქამდე კვიპროსის გაერთიანების საკითხის გარშემო ცხარე დებატები მიმდინარეობდა, ამჟამინდელი კამპანიის დროს თემამ აქტუალობა დაკარგა. კვიპროსის ახალარჩეულ პრეზიდენტს კი რადიკალურმა ჯგუფებმა დაუჭირეს მხარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის გაერთიანებაზე კომპრომისის მოძებნა გართულდება. თუ თურქეთის არჩევნებიც რეჯეფ თაიფ ერდოღანის გამარჯვებით დასრულდა, ორივე მხარეს აღმოჩნდება ლიდერი, რომელსაც არ ენდომება რეალისტური სცენარით შეთანხმების გაფორმება. ამას ემატება ისიც, რომ გასულ წელს ერდოღანმა ჩრდილოეთ კვიპროსში სამხედრო კონტინგენტი გააძლიერა მას შემდეგ, რაც აშშ-მ თავდაცვით იარაღზე ემბარგო მოუხსნა კვიპროსს. შესაბამისად, ესკალაცია უფრო მოსალოდნელია, ვიდრე თანამშრომლობა.
სიტუაციას თურქეთ-საბერძნეთს შორის მიმდინარე დაპირისპირებაც ართულებს. საბერძნეთს ეგეოსის კუნძულების აკვატორიაზე კონტროლის განვრცობა სურს, რისი უფლებაც გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის II თავის მიხედვით აქვს. ათენს შეუძლია ხმელეთიდან 12 საზღვაო მილის მანძილზე გააფართოოს აკვატორია, თუმცა ამით თურქეთის საზღვაო სივრცე ჩაიკეტება, რაც 1995 წლის თურქეთის საპარლამენტო დეკლარაციის მიხედვით, ომის მიზეზად ჩაითვლება. ორივე ქვეყანაში მოსალოდნელი არჩევნები სიტუაციას უარესად ამწვავებს, რადგან მხარეებს საკუთარი მოსახლეობის თვალში ძლიერ ლიდერებად სურთ წარმოჩენა. ამავდროულად, ბუნებრივი რესურსების სტრატეგიული მნიშვნელობაა გასათვალისწინებელი. საზღვაო მილებზე დავა შელფზე აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგის ხელში ჩასაგდებად მიმდინარეობს. კვიპროსის შემთხვევაში, ეს თვალსაჩინო მოცემულობაა. მასთან ამერიკულმა, ნიდერლანდურმა, ფრანგულმა, კორეულმა, ებრაულმა და სხვა კომპანიებმა უკვე გააფორმეს ხელშეკრულება ბუნებრივი აირის მოპოვების შესახებ. თუმცა, თურქეთთან დაპირისპირება საფრთხეს უქმნის ამ პერსპექტივებს. შესაბამისად, ანკარას მნიშვნელოვანი ბერკეტი აქვს. კონფლიქტის მოგვარების მიმართ სურვილის არარსებობა კი თურქეთის, კვიპროსისა და საბერძნეთის მუდმივ დაპირისპირებას მოასწავებს, რაც აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში დაპირისპირების კერას და არასტაბილურ გარემოს აჩენს.
თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობები ნატოს ჭრილში
კვიპროსის საკითხი ბუნებრივად ამწვავებს კონფლიქტს თურქეთსა და საბერძნეთს შორის. აუცილებელია, გავითვალისწინოთ, რომ ორივე ქვეყანა ერთი სამხედრო ალიანსის – ნატოს წევრია. სწორედ ეს ალიანსი ქმნის უსაფრთხოების სტრუქტურას აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონში, თუმცა არსებული დაპირისპირება რამდენიმე პრობლემას აჩენს:
- კვიპროსი კვლავ ნატოს თავდაცვითი სივრცის გარეთაა, რაც ამ ტერიტორიაზე კონფლიქტის კერის გაჩენის ალბათობას ზრდის;
- კვიპროსი ევროკავშირის წევრია, ხოლო თურქეთი – არა. შესაბამისად, ამ ქვეყნებს საერთო დასავლურ პლატფორმაზე თანამშრომლობის პოტენციალი არ გააჩნიათ;
- აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის თავდაცვითი სტრუქტურა მყიფეა რეგიონში მთავარი აქტორების – საბერძნეთისა და თურქეთის დაპირისპირების გამო, რაც მეტ სივრცეს ტოვებს კონფლიქტისთვის.
ამერიკის შეერთებული შტატები ამ გამოწვევას ნათლად ხედავს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ტური 2023 წლის თებერვალში, გერმანიის გარდა, თურქეთსა და საბერძნეთს მოიცავდა. საჭიროა თურქეთსა და საბერძნეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, რათა შეივსოს ალიანსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე გაჩენილი ბზარი. თუმცა, კვიპროსის არჩევნები ამ კონფლიქტის გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზის მოგვარების პერსპექტივას არ იძლევა. კვიპროსის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა მხოლოდ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებისთვის არაა საკვანძო. იგი პრეცედენტს ქმნის ყველა სხვა სახელმწიფოსთვის, რომლის ტერიტორიაც ოკუპირებულია, მათ შორის, საქართველოსთვისაც. ამ უკანასკნელსაც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა უქმნის, თუნდაც ნატოში გაწევრიანებისთვის ერთ-ერთ წინაღობას.
დასკვნა
კვიპროსის ტერიტორიული მთლიანობის გამოწვევა საკმაოდ კომპლექსური საკითხია და ორი წამყვანი აქტორის – საბერძნეთისა და თურქეთის დაპირისპირებას ამწვავებს, რაც ხმელთაშუა ზღვის რეგიონის უსაფრთხოების სტრუქტურას არყევს. იგი ცუდ პრეცედენტსაც ქმნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. ამავდროულად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სისუსტეს ააშკარავებს მის ორ წევრს შორის არსებული კონფლიქტის სახით. შესაბამისად, კვიპროსის საპრეზიდენტო არჩევნები ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორია რეგიონში სტაბილური გარემოს ჩამოყალიბებისთვის. სამწუხაროდ, ნიკოს ქრისტოდულიდისის გაპრეზიდენტება სიტუაციის გაუმჯობესების პერსპექტივას არ იძლევა, თუმცა მხოლოდ დრო გვიჩვენებს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში არსებული ამ ბზარის შევსება შესაძლებელი იქნება თუ არა.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- ნატოს სამიტი ვილნიუსში: შედეგები და სამომავლო პერსპექტივები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია – პირველი სტრატეგიული ნაბიჯები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- საუდის არაბეთის ბოლო გადაწყვეტილება და მისი გავლენა ენერგობაზარზე
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი: გაგლოევის ერთი წელი
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ევროპის ენერგოუსაფრთხოება – რა ეტაპზეა სტრატეგიული ამოცანა?
- რას ცვლის პუტინის დაკავების ორდერი?
- ლუკაშენკოს ბრძოლა ბელარუსულ იდენტობასთან
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- რას ნიშნავს ჩინეთის ინიციატივა ირან-საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ?
- რეალურია თუ არა ამერიკის უკრაინის ომით დაღლა?
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- ვის რა პრობლემები შეექმნება ე.წ. „აგენტების კანონპროექტის“ დამტკიცების შემთხვევაში?
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ქართული ვერსია: https://gfsis.org.ge/ge/blog/view/1547
- რატომაა მნიშვნელოვანი თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები?
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- ოკუპირებული აფხაზეთი: იერიში სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე
- ომი უკრაინაში და რუსეთის შემცირებული როლი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში
- ტაჯიკეთის ძვირადღირებული ჩინური სესხი: როდესაც სუვერენიტეტი ვალუტაა
- ჩეხეთის საპრეზიდენტო მანდატი ევროკავშირში: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეორიენტირება
- რა ფასი შეიძლება ჰქონდეს „პუტინის სახის შენარჩუნებას“ ევროპული ურთიერთობებისთვის?
- ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის კორიდორი და მისი უდიდესი მნიშვნელობა
- მზარდი დაძაბულობა რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებს შორის: კრემლი ნატოს წევრებს ემუქრება
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- უნგრულ-პოლონური კოალიციის რღვევა - შესაძლებლობა ევროკავშირისთვის
- პოლიტიკური კულტურის გაკვეთილები გერმანულად: რა შეიძლება ისწავლოს საქართველომ გერმანიის საპარლამენტო არჩევნებიდან
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- დასავლეთი vs რუსეთი: ისევ გადატვირთვა?!
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- Could Belarus Become a Prelude to the Great Polish-Swedish War 400 Years Ago?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- მეჯლისის არჩევნები ირანში - პოლიტიკური წინაპირობები და შედეგები
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- აფხაზეთში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში: სარქისიანის პოსტსაარჩევნო გეგმები
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე