რონდელის ბლოგი

ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე

2020 / 02 / 21

მირიან ჯანაშვილი, ანალიტიკოსი 

საქართველოს შეიარაღებული ძალები თავისი პოპულარობით ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასაც კი უსწრებს, პოლიტიკოსები ერთმანეთს ეჯიბრებიან ჯარის ერთგულებაში, ხოლო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, პოლიტკორექტულობის სრული დაცვით, წლიდან წლამდე თავდაცვის სისტემაში პოზიტიურ ძვრებს გვიქებს. მიუხედავად ამისა, ორი რამ  უცვლელი რჩება: ნატო ბუქარესტის სამიტიდან 12 წლის შემდეგ კვლავაც თავს იკავებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) შემოთავაზებისგან და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, გლობალური და რეგიონული საფრთხეების დინამიკის ფონზე, კრიტიკას ვერ უძლებს.

თითქოს პარადოქსთან გვაქვს საქმე - პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენელი აღიარებს გაზრდილი საფრთხეების გამო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების აუცილებლობას და საკუთრივ ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც საქართველოსგან მოელის  სტაბილურ და ეფექტიან დაგეგმვაზე დამყარებულ თავდაცვის სისტემას და გაზრდილ თავდაცვისუნარიანობას. მიუხედავად ამისა, ათწლეულზე მეტია, რაც თავდაცვის სისტემაში თვისებრივი გაუმჯობესება არ მომხდარა. მართალია, უსაფრთხოების გარემო საგრძნობლადაა გაუარესებული, მაგრამ საქართველოსთვის ზემოაღნიშნული სტრატეგიული მიზნების ვერმიღწევას თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. ეს პარადოქსი ახლავს როგორც ნაციონალური მოძრაობის, ისე ქართული ოცნების მმართველობის პერიოდს.

ვარდების რევოლუციის შემდეგ თავდაცვის სფერო ორი მთავარი იმპერატივის გათვალისწინებით  გარდაიქმნა. მინისტრის პოზიციის დასაკავებლად, ერთი მხრივ, უნდა მომხდარიყო ამ სფეროს მმართველად ისეთი პოლიტიკური პირის დანიშვნა, რომლისთვისაც სფეროს ცოდნა და კვალიფიკაცია სულაც არ იყო აუცილებელი, რადგან პრიორიტეტი უსიტყვო მორჩილებასა და მმართველი პარტიის პოლიტიკური ინტერესების გატარებას ენიჭებოდა. პარალელურად, ნატოსკენ აღებული გეზის გამო, ვიღებდით მთელ რიგ ვალდებულებებს, რაც თავდაცვის სფეროს დემოკრატიული კონტროლის ქვეშ მოქცევას გულისხმობდა, მის საფუძვლიან, სისტემურ გარდაქმნას და მკაფიო პროცედურებსა და გამჭვირვალე დაგეგმვაზე დამყარებულ სისტემად ჩამოყალიბებასაც.  

მიუხედავად თავდაპირველი ოპტიმიზმისა, ძალიან მალე გაირკვა, რომ ეს ორი იმპერატივი ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელია, რადგან პირველი მეორეს  სრულ უგულებელყოფას ან ფორმალურ შესრულებას იწვევდა. შედარებით კომპეტენტური პოლიტიკური ფიგურები დიდხანს ვერ რჩებოდნენ მინისტრის თანამდებობაზე, ხოლო არაკომპეტენტური პირები ყველაზე დიდხანს ინარჩუნებდნენ მინისტრების პოსტებს.  ამ მიდგომამ მძიმე კვალი დატოვა როგორც პოლიტიკის ფორმირებაზე, ასევე სისტემურ ეფექტურობასა და პირადი შემადგენლობის დაკომპლეტებაზე. ამასთან, თავდაცვის მინისტრების ხშირი ცვლა არა მხოლოდ დაწყებული პროცესებისა და გადაწყვეტილებების მნიშვნელოვან რევიზიას იწვევდა, არამედ სამხედრო პერსონალის გადახალისებასაც, როგორც უშუალოდ გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის, ისე სხვა მაღალი და საშუალო თანამდებობების პირების დონეზე.

ამის გამო მუდმივად საფრთხის წინაშე დგებოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება, რაც ინტეგრაციისა და თავსებადობის მიღწევისთვის რიგი პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვა-გატარება-დასრულებას მოითხოვდა. თუ ნატოსთვის საწყის ეტაპზე, 2003 წელს, მთავარი იყო შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის დამყარება (რაც შესაძლებელი გახდა მინისტრის, როგორც პოლიტიკური ფიგურისა და  სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საშუალებით), 2005 წლიდან ალიანსისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა თავდაცვის სისტემაში პოლიტიკისა და რესურსების გრძელვადიანი დაგეგმვის მექანიზმების სტაბილური ამუშავება და მათი გამოყენებით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობის თანმიმდევრული ზრდა.

ამ მექანიზმების სრულად დანერგვა შეამცირებდა თავდაცვის სფეროში პოლიტიკური ჩარევის რისკებს და შეიარაღებული ძალების გრძელვადიანი განვითარების პროცესს სტაბილურს და გამჭვირვალეს გახდიდა (განსაკუთრებით, საბრძოლო შესაძლებლობების განვითარების, შენარჩუნებისა და შესყიდვების გეგმებს). სამწუხაროდ, საქართველომ ამ წლების განმავლობაში ვერ მოახერხა ამ ძირეული ვალდებულების შესრულება და როგორც თავდაცვის პოლიტიკის შემუშავების, ისე ძალთა დაგეგმვის (შესაძლებლობები და რესურსები) მხრივ ფორმალური, ზედაპირული მოქმედებებით შემოიფარგლა. გარდა ამისა, გადადგმული ნაბიჯების ფორმალურობა ამერიკული მიდგომების ბრმად გადმოღებასა (რაც განვითარების დასაწყისში მისაღებია, ხოლო შემდეგ ეტაპებზე - უკვე მიუღებელი) და  ქართულ რეალობაზე მათ უხეირო მორგებაში გამოიხატებოდა. და ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტ სირთულეს ქმნიდა თავდაცვის  სხვადასხვა სფეროს სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევისა და აღსრულების თვალსაზრისით.

მაგალითად, 2003 წლიდან თავდაცვის სფეროში გამოიცა მთელი რიგი სახელმძღვანელო დოკუმენტებისა, როგორიცაა 2005 წლის ეროვნული სამხედრო სტრატეგია (ესს, 2007 წლის თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა (თსმ) და მინისტრის ხედვა). შესაბამისად, კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები და კანონში თავდაცვის დაგეგმვის შესახებ მოხდა თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის მარეგულირებელი დოკუმენტების განსაზღვრა.

2007 წელს უკვე ნათელი გახდა, რომ გრძელვადიანი დაგეგმვის მექანიზმების დანერგვას პერსპექტივა არ ჰქონდა. თსმ-ის დოკუმენტი 2007 წელს სამჯერ გადაიხედა და რადიკალურად შეიცვალა, მისი მოქმედების პერიოდი მკვეთრად შემცირდა. სამხედრო სტრატეგიამ, თსმ-სთან შინაარსობრივი გადაფარვის გამო, დაკარგა მნიშვნელობა. 2012-2013 წლებში თავდაცვის სამინისტროს საიტზე იდო „შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის“ დოკუმენტი, რომლის სამართლებრივი სტატუსი თავდაცვის სისტემისთვის აბსოლუტურად გაურკვეველი იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, დოკუმენტში მაინც იყო გამახვილებული ყურადღება ისეთ სტრატეგიულ მიზნებზე, როგორიცაა, მაგალითად, ძალთა და საბრძოლო შესაძლებლობების განვითარება, დაკომპლექტება და ა.შ.

2017 წელს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა (თსმ) რეკორდულად მოკლე დროში შემუშავდა და ამჯერად იგი კიდევ უფრო მცირე, 2017-2020 წლების, პერიოდს მოიცავდა, რაც გამორიცხავდა გრძელვადიანი ხედვისა და გეგმების შემუშავებას და შეიარაღებული ძალების ტექნიკურ ოპტიმიზაციას ემსახურებოდა. ამდენად, 2008 წლიდან 2020 წლამდე სტრატეგიულ ხედვასა და ანალიზზე დაფუძნებული დოკუმენტი არ შემუშავებულა, რომელიც  შეიარაღებული ძალების გრძელვადიანი განვითარების მკაფიო გეგმას შემოგვთავაზებდა, შესაბამისი რესურსობრივ-ფინანსური მოთხოვნების გაანგარიშებით. რაც შეეხება საკუთრივ „მინისტრის ხედვას“, რომელიც სტანდარტულად 4 წლის პერიოდისთვის რაციონალური პრიორიტეტების გამოყოფისთვის იყო გამიზნული, ცოტა ხანში იქცა ორწლიან, ხოლო 2008 წლიდან კი - ერთწლიან დოკუმენტად, რომელიც მხოლოდ საბიუჯეტო წლის ღონისძიებების ჩამონათვალს მოიცავდა, ისიც - ზოგადი ფორმულირებით, კონკრეტული შედეგების მითითების გარეშე.

ზემოაღნიშნული პრობლემა პირდაპირ განსაზღვრავს რესურსობრივ-საბიუჯეტო დაგეგმვის სპონტანურ ხასიათს. ამასთან, ჯერ 2008 წლიდან თავდაცვის ბიუჯეტის რადიკალურად შემცირებამ, შემდეგ კი ლარის კურსის დევალვაციამ თითქმის შეუძლებელი გახდა შეიარაღებული ძალების განვითარების კონკრეტული მიზნების იდენტიფიცირება და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ზოგადად თავდაცვის სფეროს ხარჯების დაფინანსების ზოგადი ლოგიკა. ამის ნათელი მაგალითია მინისტრ თინა ხიდაშელის მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება საყოველთაო სამხედრო გაწვევაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც იმავე წლის სექტემბერში ახლად დანიშნულმა მინისტრმა ლევან იზორიამ გააუქმა.

იზორიას მინისტრობის პერიოდში სავსებით სწორად გაკეთდა აქცენტი „ტოტალურ თავდაცვაზე“, როგორც მთავარ კონცეფციაზე ეროვნული თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბებისთვის. ეს მიდგომა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებთან ერთად მთელ რიგ სახელმწიფო უწყებებს, საზოგადოებას და კერძო სექტორს მნიშვნელოვან მოთხოვნებს უყენებდა და  თავდაცვისა და უსაფრთხოების წარმატებით უზრუნველსაყოფად საჭიროებდა როგორც მუშაობის კოორდინაციას, ისე დამატებითი რესურსების (საფინანსო და მატერიალური) საგრძნობ ზრდას. ამასთან, სამართლებრივი ნორმების მოწესრიგების თვალსაზრისით, „ტოტალური თავდაცვა“ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებასაც ითვალისწინებდა.

გაურკვეველია თავდაცვის უწყების მიერ გასულ წელს შემუშავებული „ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის“ (ეთს) ბედი, რომელშიც შინაარსით მსგავსი და პარალელურად მოქმედი სამი დოკუმენტია (თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა, ეროვნული სამხედრო სტრატეგია და ტოტალური თავდაცვის კონცეფცია) გაერთიანებული. ეს დოკუმენტი, მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, შეიარაღებული ძალების განვითარების კონკრეტულ შედეგებზეა გათვლილი  გრძელვადიან (10-წლიან) პერსპექტივაში და მოკლე- და საშუალოვადიან პერსპექტივაში ბრძოლისუნარიანობის ამაღლებასაც ითვალისწინებს.  ამასთან, იგი გულისხმობს „ტოტალური თავდაცვის" ფარგლებში სახელმწიფო უწყებების მოქმედების კოორდინაციისა და ამოცანების გასანაწილებლად სპეციალური სისტემის ჩამოყალიბებას. ამ დოკუმენტის არმიღება ან გაუქმება ძველი მავნე ტრადიციის - ფორმალური დაგეგმვის - გაგრძელება იქნება.    

რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, ქართულ საზოგადოებას დღემდე არ აქვს ნათელი წარმოდგენა, თუ როგორი ჯარი უნდა გვყავდეს ან რა ტიპის შეიარაღებულ ძალებს ვაშენებთ. დიდი ალბათობით, ამ ყველაფრის ასეთივე ბუნდოვანი აღქმა აქვს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსაც, რისი დასტურიცაა ნატოს დოკუმენტებში მკაფიოდ ასახული ერთი და იგივე მინიშნება -  ალიანსი მოუწოდებს საქართველოს აქცენტი გააკეთოს მდგრადი (მედეგი) თავდაცვის სისტემის მშენებლობაზე, ბრძოლისუნარიანობის ამაღლებასა და თავდაცვის დაგეგმვის მექანიზმების დახვეწაზე.

ამრიგად, ქართული ჯარის განვითარების გაურკვეველი, ბუნდოვანი პერსპექტივიდან დანახული პრობლემა დამატებით ბერკეტს აძლევს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის  გაფართოების ე.წ. სკეპტიკოსების ბანაკს, რომ ეჭვქვეშ დააყენონ საქართველოს პროგრესი და კიდევ უფრო შეანელონ გაწევრიანების პროცესი, მით უმეტეს, რომ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღება ისედაც მრავალ პოლიტიკურ ფაქტორზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ალბათ უკვე დროა, რომ საქართველომ  აღნიშნული არგუმენტი გამოაცალოს „სკეპტიკოსებს“, პირველ რიგში, საკუთარი მიზნებიდან და გარდაუვალი აუცილებლობიდან გამომდინარე გაარღვიოს მავნე პრაქტიკის მოჯადოებული წრე და ქართული თავდაცვის პარადოქსი ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩააბაროს.

თემატური პოსტები

© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.