რონდელის ბლოგი

ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის

2022 / 02 / 21

ნინო ჩანადირი, კონტრიბუტორი ანალიტიკოსი

 

უკრაინის კრიზისის პარალელურად სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს განხილვა თემისა - შესაძლებელია თუ არა ნატოს გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში, რაც გულისხმობს შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას. და სინამდვილეში, უკრაინასთან მიმართებით რუსეთის ქმედებებმა ხომ არ დააჩქარა ის, რასაც პუტინი ასე ეწინააღმდეგება - ნატოს კიდევ უფრო დაახლოება რუსეთის საზღვრებთან?

გასული წლის მიწურულს უკრაინის ირგვლივ დაძაბულობის შემცირების წინაპირობად რუსეთმა წარადგინა მოთხოვნები „ლეგალური გარანტიების“ შესახებ, რომ ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით შეჩერდება და აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს ჯარებისა და შეიარაღების განლაგება შეიზღუდება. ამან აღელვება გამოიწვია ფინეთსა და შვედეთში, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან, თუმცა აქტიურად თანამშრომლობენ ალიანსთან. უკანასკნელ წლებში, რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხეების პარალელურად, ამ ქვეყნებში ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული დებატები სულ უფრო აქტუალური ხდება. რუსეთის მოთხოვნებმა ამ ქვეყნების ხელისუფლებები დააფიქრა იმაზე, რომ ნატოს სამომავლო გაფართოების მიმართ რუსეთის წინააღმდეგობა შეამცირებს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ  მათ შესაძლებლობასაც დამოუკიდებლად მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება საგარეო ქმედებებთან  დაკავშირებით.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნ ლინდემ ნატოს არგაფართოების შესახებ რუსეთის მოთხოვნებზე აღნიშნა, რომ ნატოს მხრიდან ეს კომპრომისი მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს შვედეთის უსაფრთხოებაზე. 16 თებერვალს მინისტრმა პარლამენტს წარუდგინა განცხადება 2022 წლისთვის საგარეო პოლიტიკის შესახებ, სადაც აღნიშნულია რომ შვედეთი ნატოში გაწევრიანებას არ გეგმავს, თუმცა ალიანსთან გაღრმავებული თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად დასახელდა. განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთისგან მომდინარე საფრთხეს ევროპული უსაფრთხოებისთვის და იმას, რომ „უკრაინას, როგორც შვედეთს აქვს უფლება გააკეთოს არჩევანი საკუთარი უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ“. ვითარებას იანვარში გამოეხმაურა ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტეც, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები გამოწვევაა ევროპის უსაფრთხოებისა და ფინეთის სუვერენიტეტისთვის. მან კონფლიქტში მხარედ დაასახელა ევროკავშირი, რომლის წევრების სუვერენიტეტიც საფრთხეშია და განაცხადა, რომ ევროკავშირის როლი პროცესში იმაზე აქტიური უნდა იყოს, ვიდრე მხოლოდ სანქციების ტექნიკური კოორდინირებაა.

პრინციპულია დამოკიდებულება ნატოს მხრიდანაც. იანვარში, ფინეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნებისა და ფინეთისა და შვედეთის გადასაწყვეტია ამ ქვეყნების ალიანსში წევრობის საკითხი. ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით კი, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ფინეთი და შვედეთი ნატოს უახლოესი პარტნიორები არიან და თუ მათი სურვილი იქნება, „მათი მიღება ერთ ღამეშიც შესაძლებელია“.

ამ თემის გააქტიურების პარალელურად რუსეთის მხრიდან გაისმა გაფრთხილება, რომ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას ექნება სამხედრო და პოლიტიკური შედეგები და „საჭირო გახდება რუსეთის მხრიდან ადეკვატური პასუხი“.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფრთხის ფონზე, შვედეთმა და ფინეთმა გააძლიერეს სამხედრო მზადყოფნა იმის მოლოდინში, რომ ომმა შესაძლოა გავლენა იქონიოს მეზობელ ქვეყნებზეც. შვედეთმა სამხედროები და შეიარაღება გაგზავნა ბალტიის ზღვაში მდებარე სტრატეგიულ კუნძულ გოტლანდზე. 

კუნძული გოტლანდი (წყარო: Financial Times)

რუსეთ-უკრაინის ამჟამინდელი კრიზისი პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც შავი ზღვის აუზში გამწვავებული ვითარება მნიშვნელოვნად აისახება ბალტიის ზღვის რეგიონზეც. 2008 და 2014 წლების მოვლენების შემდეგ საქართველოსა და უკრაინაში,  ბალტიის ზღვის რეგიონში გამძაფრდა აღქმა, რომ რუსეთი მზადაა ძალა გამოიყენოს ტერიტორიულად ახლოს მყოფი ქვეყნების ნატოსთან თანამშრომლობის და ალიანსში გაწევრიანების შესაფერხებლად. ამას მოჰყვა რეგიონში მდებარე ქვეყნების უსაფრთხოების გაძლიერებისკენ მიმართული ნაბიჯები. შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა არაერთხელ განაცხადა, რომ სხვადასხვა სახის თავდასხმები შვედეთზე „უკანასკნელ წლებში გაიზარდა და გაღრმავდა“. 2020 წელს ცნობილი გახდა, რომ შვედეთი მნიშვნელოვნად ზრდის თავდაცვის ხარჯებს 2021-2025 წლებისთვის, რაც უკავშირდება მომეტებულ საფრთხეებს ბალტიის ზღვის რეგიონში. 2022 წლისთვის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის ხარჯები გაზარდა ფინეთმაც.

 

დამოკიდებულებები შვედურ და ფინურ საზოგადოებებში

შვედეთს და ფინეთს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ ნატოსთან, თუმცა აღსანიშნავია, რომ ორივე საზოგადოებაში ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოზიციები ერთგვაროვანი არ არის. თუ საქართველოსა და უკრაინაში ნატოს წევრობა რუსეთთან მეზობლობის პირობებში უსაფრთხოების გარანტიებთან ასოცირდება, შვედეთსა და ფინეთში, რომლებიც ასევე რუსეთის მეზობლები არიან, ტრადიციულად თავს არიდებენ სამხედრო ალიანსის წევრობას. უკანასკნელი მონაცემებით, შვედეთში ნატოს წევრობას მხარს უჭერს 37%,  ხოლო წინააღმდეგია 35%. მკაფიო პოზიცია არ გააჩნია 28%-ს. თუმცა წლების მანძილზე პოზიტიური ტენდენცია შეიმჩნევა ნატოს მომხრეთა რაოდენობის ზრდის თვალსაზრისით. გასულ წლებში მომხრეთა რაოდენობა არ აღემატებოდა 32%-ს, ხოლო წინააღმდეგი იყო 40%-ზე მეტი.

შედარებით დაბალია ნატოს წევრობის მხარდაჭერა (26%) ფინეთში. 40% ალიანსის წევრობის წინააღმდეგია, კონკრეტული პოზიციის არმქონე მოქალაქეების რიცხვი კი აქაც საგრძნობლად მაღალია (33%). შვედეთის მსგავსად, წლების მანძილზე ალიანსის წევრობის მოწინააღმდეგეთა რიცხვი ფინეთშიც მცირდება.

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების პოზიციებს, ფინეთში პარტიების უმრავლესობა ტრადიციულად მხარს არ უჭერს ქვეყნის წევრობას სამხედრო ალიანსში და მიიჩნევს, რომ მჭიდრო თანამშრომლობა ნატოსთან საკმარისია. შვედეთში კი დამოკიდებულებები შედარებით დაყოფილია. მმართველი სოციალ-დემოკრატები სამხედრო მიუმხრობლობის მხარდამჭერი არიან, მაშინ, როდესაც ნატოს წევრობის იდეა ოპოზიციურ პარტიებში - პარლამენტში წარმოდგენილი ყველაზე დიდი „ზომიერი პარტიის“ (Moderate party) ჩათვლით,  მეტი მხარდაჭერით სარგებლობს. გასულ წლებში შვედეთის პარლამენტმა სწორედ ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერის წყალობით მიიღო ე.წ NATO Option, რაც გულისხმობს, რომ ქვეყანას შეუძლია განიხილოს ნატოს წევრობა, თუ ამის საჭიროება დადგება.

შვედურ და ფინურ საზოგადოებებში უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობის პირობებში, ნატოს წევრობის პერსპექტივა ამ ეტაპზე ნაკლებად მოსალოდნელი ჩანს. თუმცა, რუსეთის აგრესიის ზრდის პარალელურად ნატოს წევრობის მომხრეთა რიცხვი იზრდება. თუ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას განახორციელებს, ეს ნათელი სიგნალი იქნება ორივე ქვეყნის მოსახლეობისთვის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეებთან დაკავშირებით, რასაც შეუძლია დამოკიდებულებებში გარდატეხის შეტანა. ორივე ქვეყანაში ე.წ გადაუწყვეტელი მოსახლეობის წილი საკმაოდ დიდია და უსაფრთხოების გამოწვევების ზრდის პარალელურად მეტად მოსალოდნელია მათი გადახრა ალიანსის წევრობის მხარდაჭერისკენ.

შვედეთი და ფინეთი აქტიურად თანამშრომლობენ თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით. სავარაუდოა, რომ საზოგადოებრივ აზრზე გავლენას მოახდენს ერთმანეთის არჩევანი გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თუ მომავალში შვედეთში ზრდადი მხარდაჭერის პირობებში მიიღებენ გადაწყვეტილებას ნატოს წევრობაზე, მოსალოდნელია, რომ ამან წაახალისოს ფინეთის გადაწყვეტილებაც შეუერთდეს ალიანსს. სავარაუდოა, რომ ქვეყნისთვის ნაკლებად სახარბიელო პერსპექტივა იყოს ბუფერულ ზონად დარჩენა ჩრდილოეთ ევროპაში, რუსეთსა და ნატოს შორის. მოსალოდნელია, რომ სახელმწიფოები აქტიურად გამართავენ კონსულტაციებს ნატოში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით და მათი გადაწყვეტილებები შეთანხმებული იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყნის მმართველი პარტიები განეკუთვნებიან მათ რიგს, ვინც მხარს არ უჭერს სამხედრო ალიანსის წევრობას, უკანასკნელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ფინეთისა და შვედეთის ხელისუფლებებს სურთ უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობის შენარჩუნება.

 

რა მნიშვნელობის მატარებელია ნატოს გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში საქართველოსა და უკრაინისთვის?

ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოთა მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების, მათ შორის, საქართველოს და უკრაინის მიმართ ყოველთვის ძლიერი იყო. შვედეთი პოლონეთთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ინიციატორია, რომლის წარმატებულ წევრებადაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ითვლებიან. თუ მომავალში შვედეთი ნატოში გაწევრიანდება, მოსალოდნელია, რომ ეს ქვეყნები მისი სახით ალიანსში კიდევ ერთ მხარდამჭერს შეიძენენ.

ნატოს მხრიდან „ღია კარის პოლიტიკით“ რუსეთისთვის ვაჭრობის შესაძლებლობის არმიცემა გადამწყვეტია უკრაინისა და საქართველოსთვის. როგორც აღინიშნა, თუ შვედეთსა და ფინეთში გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ალიანსში მათი გაწევრიანების პროცესი სწრაფად წარიმართება. ალიანსში ამ ქვეყნების შესვლა იქნება დასტური იმისა, რომ ნატო არ ვაჭრობს რუსეთთან ამ პრინციპულ თემაზე და შესაძლებლობა ასევე რჩება საქართველოსა და უკრაინისთვისაც, რომლებიც მოიაზრებიან სამომავლო წევრებად მას შემდეგ, რაც, როგორც ამას ხშირად ნატოში  ახსენებენ, რეფორმების შედეგად მზად იქნებიან გაწევრიანებისთვის.

თუ ნატო ჩრდილოეთ ევროპაში გაფართოვდება, ეს მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება რუსეთისთვის. ეს ერთგვარი გრძელვადიანი ეფექტი იქნება პუტინის „უკრაინული ავანტიურისა“, რამაც მის შიდა პოლიტიკურ იმიჯსაც უნდა მიაყენოს ზიანი. თუ ის უკრაინაში ომს დაიწყებს, სავარაუდოა, რომ ამით მხოლოდ დააჩქარებს ჩრდილოელი მეზობლების ნატოსკენ სწრაფვას, რითაც თავადვე შეუწყობს ხელს იმას, რასაც ასე ეწინააღმდეგება.

თემატური პოსტები

© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.