X

რონდელის ბლოგი

ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ

2019 / 04 / 04

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

 

რამდენიმე დღის წინ პატ ბუჩანანმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ნატოს წევრობის ყველა კანდიდატურა უნდა დაბლოკოს. ცხადია, ყველა ამერიკელს აქვს უფლება გამოთქვას აზრი საკუთარი  ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ. სამწუხარო ის არის, რომ თავის არგუმენტაციაში ბატონი ბუჩანანი იყენებს პირდაპირ სიცრუეს და ასევე ისტორიისა და ამჟამინდელი რეალობის უხეშად მცდარ ინტერპრეტაციებს.

ამ სიცრუისა და მცდარი ინტერპრეტაციების სამიზნე ვართ ჩვენ - რუსეთის ის მეზობლები, რომლებიც ვცდილობთ ჩვენი თავისუფლებისა და ფიზიკური უსაფრთხოების შენარჩუნებას მაშინ, როცა რუსეთი მიზანმიმართულად მუშაობს, რომ ეს ორივე სიკეთე წაგვართვას.

ჩვენ რთულ მდგომარეობაში ვართ. ჩვენი სუვერენიტეტის საწინააღმდეგო რუსული აქტივობები შეუჩერებლად გრძელდება, ისევე, როგორც პროპაგანდისა და დეზინფორმაციის რუსული კამპანია. დასავლეთის ყურადღების დიდ ნაწილს იპყრობს სხვა პრობლემები და სხვა რეგიონები. მოკლედ, ბატონ ბუჩანანს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ვითარება აღმოსავლეთ ევროპაში საკმარისად რთული და სახიფათოა, მის მიერ მოსკოვის ტყუილების გამეორებისა და მხარდაჭერის გარეშეც.

ბუჩანანი ამბობს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რომ „საქართველომ შეიყვანა ჯარი სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის სამხედრო შემოჭრამდე. მისი თქმით, „პუტინმა უპასუხა“ ქართველებს. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება სიმართლეს. მრავალ და ერთმანეთისგან განსხვავებულ წყაროში მოიპოვება მრავალი მტკიცებულება იმისა, რომ რუსული ჯარი საქართველოში შემოიჭრა სწორედაც ქართული სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე. რუსეთის ეს აგრესია გახდა ქართული ოპერაციის მიზეზი.

ყველასათვის, ვინც ოდნავ მაინც იცნობს საერთაშორისო სამართალს, ცხადია, რომ რუსული ჯარის შემოჭრა საქართველოში წარმოადგენდა აგრესიის აქტს და საქართველოს ჰქონდა სრული უფლება მისთვის წინააღმდეგობა გაეწია. ბატონ ბუჩანანს მიაჩნია, რომ რუსეთ-საქართველოს ომი არ იყო აშშ-ის საქმე. თუმცა, უკეთესი იქნება, მან საკუთარი აზრი  ისტორიული ფაქტების უგულებელყოფისა და აგრესიის მსხვერპლის დადანაშაულების გარეშე გამოთქვას.

ბუჩანანი ასევე ამბობს, რომ საქართველოსა ან უკრაინის ნატოში გაწევრიანება უდრის რუსეთთან ომს, ქართული და უკრაინული ტერიტორიების რუსული ოკუპაციის გამო (თუმცა, იგი ერიდება სიტყვა „ოკუპაციის“ გამოყენებას, რადგან ეს ტერმინი არ უხდება მისი გზავნილის შინაარსს). მისი თქმით, თუ საქართველო შევიდოდა ნატოში, „აშშ დაუყოვნებლივ აღმოჩნდებოდა რუსეთთან კონფლიქტში“. ასევე მისი თქმით, „მიუხედავად იმისა, რამდენად ვუჭერთ ჩვენ მხარს უკრაინას, ჩვენ არ შეგვიძლია მისი ტერიტორიული მთლიანობის გამო ჩვენი ქვეყანა რუსეთთან ომში გავუშვათ“.

სინამდვილეში, საქართველოსა თუ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ წარმოშობს ნატოს წევრების ვალდებულებას გამოსტაცონ რუსეთს კონტროლი მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამის თქმა კიდევ ერთი პირდაპირი სიცრუეა. დასავლეთი გერმანია ალიანსში გაწევრიანდა 1955 წელს, როცა ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი კომუნისტური ოკუპაციის ქვეშ იყო, და არანაირად არ იგულისხმებოდა, რომ ნატოს ის უნდა გაეთავისუფლებინა. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლი ითვალისწინებს სამოკავშირეო ვალდებულებებს მხოლოდ ნატოს წევრზე თავდასხმის შემთხვევაში. კონფლიქტის წამოწყება არ წარმოადგენს ნატოს წევრების ვალდებულებას, თუნდაც წევრი სახელმწიფოს ოკუპირებული ტერიტორიის გასათავისუფლებლად.

რაც შეეხება მცდარ ინტერპრეტაციებს, ბუჩანანის სტატია რამდენიმეს შეიცავს. მათ შორის, ავტორი დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით ამბობს, რომ „ცივი ომის პერიოდის არცერთ პრეზიდენტს, ტრუმენიდან ჯორჯ ბუშ-უფროსამდე, არც კი დაესიზმრებოდა“ ომში ჩართვა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გამო. მართალია, არავინ ამბობს, რომ დღეს აშშ-მა ეს უნდა გააკეთოს, ცივი ომის ამგვარად ხსენება ძალიან უცნაურია. ცივი ომის დროს უკრაინა იყო საბჭოთა კავშირის ნაწილი. დიახ, ცხადია, ამერიკის პრეზიდენტებს „არც კი დაესიზმრებოდათ“ სსრკ-ის ტერიტორიაზე შეჭრა. ოღონდ, ცივი ომის დროსგან განსხვავებით, დღეს უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა, რაც ბატონი ბუჩანანის ამ ფრაზას უკიდურესად არარელევანტურს ხდის.

კიდევ ერთი არარელევანტური გამონათქვამი, რომელსაც ბუჩანანი დღევანდელი პოლიტიკის ადვოკატირებისთვის იყენებს: „პირველი ბუში ფიქრობდა, რომ უკრაინა რუსეთზე მიბმული უნდა დარჩენილიყო და რომ უკრაინული დამოუკიდებლობის მოძრაობა წარმოიშვა თვითმკვლელი ნაციონალიზმისგან“. იმ შემთხვევაშიც, თუ ბუშ-უფროსს მართლაც არ სურდა საბჭოთა კავშირის ბოლომდე დეზინტეგრაცია, ეს იმპერია მაინც დაიშალა, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობდა ამის შესახებ პრეზიდენტი ბუში ან სხვა ვინმე. რაც შეეხება უკრაინის დამოუკიდებლობას, შესაძლოა, 1991 წელს ატლანტის ოკეანის მეორე მხრიდან მისი სამომავლო ბედი ძალიან ცხადად არ ჩანდა. თუმცა, 2019 წელს სრულიად აშკარაა, რომ უკრაინამ განავითარა ძლიერი ეროვნული იდენტობა, რომელსაც ის იცავს, და დაიცავს კიდეც, იარაღით ხელში.

საქართველოს ნატოში პოტენციური გაწევრიანების შედეგები, ბუჩანანის აზრით, დაემგვანება „1938 და 1939 წლების შეტაკებებს სუდეტების და დანციგის გამო, რამაც პირდაპირ გამოიწვია მეორე მსოფლიო ომი“. სუდეტები მართლაც არის ძლიერი მაგალითი, ოღონდ არა ბატონი ბუჩანანისთვის მომგებიანი კუთხით. სუდეტების კრიზისის დროს დასავლურმა სახელმწიფოებმა უარი თქვეს შეეჩერებინათ აგრესორი და ბედის ანაბარა მიატოვეს მსხვერპლი ქვეყანა - ჩეხოსლოვაკია. მათ გააკეთეს ზუსტად ის, რასაც ბატონი ბუჩანანი ასე თავგამოდებით უჭერს მხარს რუსეთის გასაჭირში მყოფ მეზობლებთან დაკავშირებით. 1930-იან წლებში ამ მიდგომამ არც ისე კარგად იმუშავა.

ცივი ომის კიდევ ერთი ხსენება: „ორი ათწლეულის მანძილზე ნატოში მიღებული არცერთი ქვეყანა არ იყო მიჩნეული რუსეთთან ომის ღირსად ცივი ომის პერიოდის რომელიმე ამერიკელი პრეზიდენტის მიერ“. ეს ნამდვილად ასეა, რადგან ცივი ომის დროს ეს ქვეყნები იყვნენ ან სსრკ-ის, ან მისი გავლენის სფეროს ნაწილი (ალბანეთი, მონტენეგრო, სლოვენია და ხორვატია, კომუნისტური მმართველობის მიუხედავად, საბჭოთა სფეროს მიღმა იყვნენ, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა). ცივი ომის დროს მათთან დაკავშირებით აქტიური მოქმედება აშშ-ისთვის შეტევაზე გადასვლას ნიშნავდა, რაც არ იყო მიზანშეწონილად მიჩნეული. მაგრამ დღეს ეს სახელმწიფოები არიან სუვერენული და სრულად აკონტროლებენ თავის საგარეო პოლიტიკას. ისინი არ შედიან რუსეთში ან მისი გავლენის სფეროში. კონფლიქტის შემთხვევაში, სწორედ რუსეთი იქნებოდა შეტევაში, და არა ამერიკა. ამგვარად, ბატონი ბუჩანანი თავის არგუმენტაციაში კვლავ იყენებს ისტორიული რეალობის მცდარ ინტერპრეტირებას.

თავისი სტატიის დასასრულს ბატონმა ბუჩანანმა „რუსეთის წინა ეზო“ უწოდა ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ მოსკოვის ამბიციებისგან საკუთარი თავისუფლების დაცვას. ბუჩანანის მიერ ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობისა და ნების სრული უგულებელყოფა, გარდა იმისა, რომ შეურაცხმყოფელია, ასევე სრულიად არარეალისტურ მიდგომას წარმოადგენს. არავინ დაემორჩილება რუსეთს ბრძოლის გარეშე. მისი იმპერიული ამბიციები ვერ შესრულდება ისე, რომ მანამდე ჩვენი აქტიური წინააღმდეგობის დაძლევა არ მოუწიოს. ხსენებული ეროვნული იდენტობა და ეროვნული ნება არსებობს და არსად გაქრება.

ამ კონფრონტაციის კონტექსტში, ამერიკის მიერ ჩვენი რეგიონის ჰიპოთეტური მიტოვება არ გააუმჯობესებდა ვითარებას. ის მას ბევრად, ბევრად გააუარესებდა. ამით გათამამებული რუსეთი კიდევ უფრო აგრესიულად იმოქმედებდა, რაც გამოიწვევდა ახალ კრიზისებს, კიდევ უფრო სერიოზულს, ვიდრე 2008 და 2014 წლებში. ცხადია, ბატონ ბუჩანანს შეუძლია სხვაგვარად იფიქროს. მაგრამ კარგი იქნებოდა, საკუთარი აზრი გამოეთქვა რეალობის დამახინჯებისა და პირდაპირი სიცრუის გავრცელების გარეშე.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.