რონდელის ბლოგი

გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

2021 / 09 / 13

სოსო ძამუკაშვილი, კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისმცოდნეობის სპეციალისტი, გლაზგოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი

ეთერ გლურჯიძე,  კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ესტონეთის დილომატიის სკოლისა და ჩრდილოეთი ჩინეთის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

 

2021 წლის ივლისში, ლიეტუვამ ტაივანის მთავრობას ნება დართო ქვეყნის დედაქალაქში გაეხსნა „წარმომადგენლობითი ოფისი“ სახელწოდებით „ტაივანი“. ამასთანავე, ლიეტუვამ მიიღო გადაწყვეტილება  ტაივანში საელჩოს გახსნის თაობაზე. ბალტიისპირეთის პატარა სახელმწიფოს ამგვარმა დიპლომატიურმა ნაბიჯმა გააღიზიანა ჩინეთის მთავრობა, რომელმაც 10 აგვისტოს ვილნიუსიდან თავისი ელჩის გაწვევა გადაწყვიტა და ლიეტუვის მთავრობასაც მოუწოდა ანალოგიური საპასუხო ქმედებისკენ.

აღსანიშნავია, რომ პეკინის მიმართ უნდობლობა გაიზარდა არა მხოლოდ ლიეტუვაში. 2020 წლის სექტემბერში, ჩეხეთის დიპლომატიური დელეგაცია, სენატის პრეზიდენტის მილოშ ვისტრჩილის ხელმძღვანელობით, ტაივანს ეწვია და კუნძულის მთავრობას მხარდაჭერა აღუთქვა და განუცხადა, რომ ჩინეთს ქედს არ მოუხრიდა. ამ ვიზიტის  შემდეგ, ჩეხეთმა 30 000,  ხოლო სლოვაკეთმა 10 000 დოზა კოვიდ-ვაქცინა გაუგზავნეს ტაივანს.

გასულ წლებში ჩინეთთან მჭიდრო პარტნიორობით დაინტერესების მიუხედავად, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ზოგიერთი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ჩინეთის მიმართ საგრძნობ  ცვლილებას განიცდის. 

 

საფუძველს მოკლებული თანამშრომლობა

დაახლოებით ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობა დაიწყო. ჩინეთის ამ რეგიონთან მზარდი ურთიერთობები დიდწილად „17+1“ ინიციატივის (ახლა უკვე 16+1) ფარგლებში მოექცა და ჩინეთი და რეგიონის 17 ქვეყანა მოიცვა. პროექტის მიზანი იყო პეკინსა და ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. ინიციატივის ფარგლებში ჩინეთმა პირობა დადო რეგიონში ინვესტიციების ხელშეწყობაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეგიონის ეკონომიკის გაზრდაზე, ხოლო რეგიონის 17-მა სახელმწიფომ პეკინს ევროპულ ბაზარზე ხელმისაწვდომობა აღუთქვა. 

გასული ათწლეულის განმავლობაში ინვესტიციებზე დაფუძნებული თანამშრომლობა სტაბილური იყო. თუმცა, 2020 წელს ის შეფერხდა, რადგან ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებმა ჩინეთთან „სოციალური დისტანციის დაცვა“ ამჯობინეს. რეგიონის ქვეყნების მთავრობებს აფიქრებდა ჩინეთთან უთანასწორო სავაჭრო ურთიერთობა, ჩინური ბაზრის ნაკლები ხელმისაწვდომობა და შეუსრულებელი დაპირებები ფართომასშტაბიან ინვესტიციებთან დაკავშირებით. 

ამრიგად, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მოლოდინი ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების გაფართოებაზე პეკინის განზრახვას არ დაემთხვა. მაგალითისთვის, რეგიონში აშშ-ისა და გერმანიის პირდაპირი ინვესტიციები მუდმივად აღემატებოდა ჩინურ ინვესტიციებს, მათ შორის უნგრეთშიც კი, რომელთანაც ჩინეთს რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს (იხილეთ დიაგრამა).

დიაგრამა 1. ჩინური, აშშ-ისა და გერმანიის ინვესტიციები ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში (წყარო: აზიისმცდნეობის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი)

გლობალურმა პანდემიამ, რომლის გავრცელებასაც ბევრი ჩინეთს აბრალებს, გარკვეულწილად შეაფერხა  პეკინისა და რეგიონის ურთიერთობები. მიუხედავად ამისა, ჩინეთის პრეზიდენტმა სინ ძინპინმა 2021 წელს პირობა დადო, რომ რეგიონში ინვესტიციებსა და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას ხელს შეუწყობდა. თუმცა „17+1“ ინიციატივის სამიტები რეგიონში თანდათანობით უფრო  „ფოტოს გადაღების შესაძლებლობად“ აღიქმებოდა, ვიდრე მიზნების მისაღწევის ხელშემწყობ მექანიზმად. რეგიონის ქვეყნების იმედგაცრუება გამოაშკარავდა „17+1“ ინიციატივის თებერვლის სამიტზე, სადაც რეგიონის ექვს ქვეყანას, მათი ლიდერების ნაცვლად,  მინისტრები წარმოადგენდნენ. ქვეყნები, რომელთა მეთაურები, ჩინეთის მთავრობის მოთხოვნის მიუხედავად სამიტზე არ ჩავიდნენ, 2004 წელს ნატოს წევრები გახდნენ (ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, რუმინეთი და სლოვენია). მაისში ლიეტუვამ ინიციატივიდან გასვლა გადაწყვიტა, რადგან ჩინეთთან თანამშრომლობამ ქვეყანას „თითქმის არანაირი სარგებელი“ არ მოუტანა.

მაშინ, როდესაც ჩინეთსა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას შორის ურთიერთობები თანდათანობით ცივდება, ტაივანი ცდილობს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი გახდეს როგორც რეგიონისათვის, ისე ევროკავშირისთვისაც. სამომავლოდ თანამშრომლობა შესაძლებელია ისეთ დარგებში, რომლებშიც ტაივანის მთავრობა დიდ ინვესტიციებს დებს, მაგალითად: საინფორმაციო ტექნოლოგიები, ბიოტექნოლოგიები და საკვები ინდუსტრია.

დღეისათვის ტაივანი ევროკავშირის მეხუთე უდიდესი სავაჭრო პარტნიორია და მათ შორის სავაჭრო ბრუნვა 35 მილიარდ დოლარს აღწევს. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასთან კუნძულის ეკონომიკური თანამშრომლობა თანდათანობით ღრმავდება. მაგალითად, 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, ტაივანმა და პოლონეთმა გააღრმავეს სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობა და წინა წელთან შედარებით,  მათ შორის ვაჭრობა  13%-ით გაიზარდა.

ტაივანის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასთან მზარდ ეკონომიკურ კავშირებს რეგიონისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტაივანის თავისუფალ ბაზარზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება. სტაბილურმა ეკონომიკურმა ზრდამ და ხელსაყრელმა პოლიტიკამ ტაივანი სამხრეთი-აღმოსავლეთი აზიის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყნად აქცია. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, ტაივანი მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, რაც ამ ქვეყნის ეკონომიკურ მიმზიდველობას ცალსახად ზრდის. ამავდროულად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იმავე ინდექსის მიხედვით „ყველაზე არათავისუფალ“ ქვეყნებს შორისაა და მხოლოდ 107-ე ადგილს იკავებს

 

ღირებულებებზე დაფუძნებული მეგობრობა

დასავლური მედია ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის რეგიონს ერთგვარ პოსტკომუნისტურ სივრცედ განიხილავს, რომელიც დემოკრატიის უკუსვლით, ავტორიტარიზმითა და კორუფციით ხასიათდება. რეგიონში ჩინეთის მთავრობის გააქტიურება  დემოკრატიის უკუსვლასთან მჭიდრო კავშირშია, განსაკუთრებით უნგრეთსა და პოლონეთში. რეგიონი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ჩინეთთან კავშირების განმტკიცებას, თუმცა ამ ურთიერთობამ, მისი რეპუტაცია კიდევ  უფრო შელახა, რაც დასავლეთის მუდმივ შეშფოთებას იწვევს.

ინიციატივა „17+1“ განიხილება ისეთ პლატფორმად, რომელიც ჩინეთს რეგიონში  ინვესტიციების, ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო პროექტების მეშვეობით მნიშვნელოვან ბერკეტს აძლევს.  მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ჩართულობას რეგიონში სახარბიელო შედეგები არ მოუტანია, ინიციატივას მაინც მოჰყვა დასავლეთის მწვავე კრიტიკა, რაც რეგიონში ავტორიტარული “ჩინური მოდელის” შესაძლო გავრცელებასთან და პეკინის მიერ რუსეთის მსგავსი "აგრესიული პოლიტიკის” დემონსტრირებასთანაა დაკავშირებული. 

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებს ჩინეთის მიმართ პრაგმატული მიდგომა ჰქონდათ, ავტორიტარულ რეჟიმთან ურთიერთობა ეკონომიკური სარგებლის მიღების გარეშე მნიშვნელოვან რისკებს უქმნის მთელ რეგიონს და მის საერთაშორისო იმიჯს აზიანებს. რეგიონის პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, უნგრეთის გამოკლებით, ეფუძნება „წარსულზე დაფუძნებულ“ რაციონალურობას, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებისას რეგიონის კომუნისტურ მეხსიერებას ითვალისწინებს. ამ მხრივ, ტაივანის „საზოგადოებაზე ორიენტირებული“ მოდელი, რომელიც ინტელექტუალურ, კულტურულ და ხალხთა შორის ურთიერთობებს ემყარება, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისთვის უფრო მისაღებია, ვიდრე ჩინეთის ხისტი დიპლომატია.

 

სურათი 1. ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი მილოშ ვისტრჩილი და ტაივანის პრეზიდენტი ცაი ინგ-ვენი (წყარო: Taiwan Insight)

გარდა ამისა, პარტიული პოლიტიკა რეგიონსა და ტაივანს შორის თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი სტიმულიცაა. ტაივანის მთავრობა  „დემოკრატიულ დიპლომატიას“ მისდევს, და საკუთარ თავს წარმოაჩენს დემოკრატიის დამცველ ქვეყნად, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს იზიარებს და ადამიანის უფლებების სადარაჯოზეა. მაგალითად, როდესაც ტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინგ-ვენმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთს 30,000 კოვიდ ვაქცინის დოზის გადაცემისთვის, მან ხაზი გაუსვა, რომ ეს  მეგობრობის კარგი გამოხატულება იყო, რომელიც ეფუძნება „თავისუფლების გზასა და დემოკრატიაზე დაფუძნებულ მტკიცე პარტნიორობას“.

ტაივანის მსგავსად, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების უმრავლესობის საგარეო პოლიტიკაც ლიბერალურ ფასეულობებს ემყარება. ეს ქვეყნები ევროკავშირში და ნატოში წევრობას და ორმხრივ დიპლომატიურ კავშირებს დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად იყენებენ. ივნისში, უნგრეთის გარდა, რეგიონის ყველა ქვეყანამ ჩინეთის პროვინცია სინძიანში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი. დოკუმენტი სინძიანში ჩინეთის პოლიტიკას აკრიტიკებს და ქვეყანას მოუწოდებს საერთაშორისო დამკვირვებლებს ნება დართოს დააკვირდნენ პროვინციაში არსებულ ბანაკებს, რომლებშიც უიღურებს და სხვა მუსლიმ უმცირესობებს არასახარბიელო გარემოში უწევთ მუშაობა. ლიეტუვის პარლამენტმა კი ინდივიდუალურად მიიღო რეზოლუცია, რომელიც რეგიონში ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევას გმობს.                                                                           

ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების ტაივანთან ბოლოდროინდელი დაახლოება იმას მიანიშნებს, რომ რეგიონი არ არის მზად, ჩინეთთან ნაკლებად წარმატებული თანამშრომლობის სანაცვლოდ, რისკის ქვეშ დააყენოს საკუთარი საერთაშორისო იმიჯი. დემოკრატიულ ტაივანთან თანამშრომლობით და პოტენციური შესაძლებლობების კაპიტალიზაციით, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებს  შეუძლიათ გაექცნენ ჩინეთის ე.წ. მომხიბვლელ იერიშს, მიიღონ ფინანსური სარგებელი და წვლილი შეიტანონ გლობალური დემოკრატიის შენებაში.

 

 

თემატური პოსტები

© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.