X

რონდელის ბლოგი

როგორ შევაჩეროთ რუსეთი

2019 / 05 / 10

ავტორი: ირინა არაბიძე, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი

ბოლო ორი კვირაა ისმის განცხადებები საქართველოს თავდაცვის ხარჯების შემცირების აუცილებლობაზე, ამერიკის ბაზების პროვოკაციულობასა და ნეიტრალიტეტის გამოცხადებაზეც კი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვლევებით ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერა გაზრდილია, საგარეო-პოლიტიკური კონსენსუსი ქვეყანაში აღარ არის უპირობო მოცემულობა. ამ დისკუსიის ფონზე, მნიშვნელოვანია გავერკვეთ, რატომ არის ეს განცხადებები საზიანო, როგორ ვებრძოლოთ ჩვენზე ძლიერ მოწინააღმდეგეს და რა დაბრკოლებები და შესაძლებლობები გვაქვს.

რა გზა არსებობს შენზე ძლიერ მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად? სახელმწიფოებს სამი გზით შეუძლიათ მოიპოვონ უსაფრთხოება: გააძლიერონ საკუთარი სამხედრო პოტენციალი, შეიძინონ ძლიერი მოკავშირეები  ან, საუკეთესო შემთხვევაში, ხელი მიუწვდებოდეთ ორივეზე. მცირე სახელმწიფოებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხშირად ორივე სჭირდებათ, რადგან კარგად გაწვრთნილი ჯარი და რეზერვი შემაკავებელ ფუნქციას ასრულებს, ხოლო ძლიერი მეგობრები მოწინააღმდეგესთან ძალთა ბალანსს ათანაბრებენ.

რა არის საქართველოს მოცემულობა? რუსეთის ფედერაციის სახით გვყავს ჩვენზე ბევრად ძლიერი მოწინააღმდეგე, რომლის მიზანია აღადგინოს დაკარგული გავლენა სამეზობლოზე. საქართველოს შემთხვევაში რუსეთი ამას სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტების სრული სპექტრის გამოყენებით ცდილობს. მათ შორის - ომით, ტერიტორიების მიტაცებით და ქვეყანაში სამხედრო ბაზებისა და ტექნიკის უკანონო განთავსებით.

უსაფრთხოების არსებულ რთულ გარემოში რა არჩევანი გვაქვს ჩვენი პოზიციების გასაუმჯობესებლად? არსებობს ორი გზა: აუცილებელია მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო პოტენციალი და ვეძებოთ ძლიერი მოკავშირეები. ამ ალტერნატივების საპირისპიროდ, ზოგი მიიჩნევს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ომის თავიდან ასაცილებლად რუსეთთან დათმობაზე უნდა წავიდეთ. ამ იდეას ნეიტრალიტეტის და მიუმხრობლობის ცნებებით ნიღბავენ, მაგრამ, რეალურად, ეს ცივი ომის დროინდელი „ფინლანდიზაციის“ კონცეფციაა. ამ მოდელის მიხედვით, უნდა დავთმოთ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. შესაბამისად, უარი უნდა ვთქვათ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე.  სანაცვლოდ, რუსეთისგან იმას მივიღებთ, რომ არ დაგვიპყრობს და ნომინალურ სუვერენიტეტს და ცარიელ მშვიდობას შევინარჩუნებთ.

რეალურად, საქართველოს მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადება კაპიტულაციას ნიშნავს. ნეიტრალიტეტის გამოცხადება შეუძლებელია იმ პირობებში, როდესაც რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ებრძვის და არ აპირებს ნეიტრალური დარჩეს ამ დაპირისპირებაში. მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთი ჩვენ მიმართ აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს. თუ ჩვენი უსაფრთხოების გარანტი  დასავლეთი არ იქნება, რუსეთს არაფერი აიძულებს  აგრესიულ პოლიტიკაზე უარი თქვას. ცივი ომის დროინდელი ფინეთის მაგალითიც გვიჩვენებს, რომ რუსეთი არათუ თავს იკავებდა, არამედ გამუდმებით აგრესიულად ერეოდა ფინეთის საშინაო საქმეებში. რუსეთის მიერ შეუსრულებელი შეთანხმებების თანამედროვე მაგალითებიც ბევრი გვაქვს. 2008 წლის აგვისტოს ომის ექვსპუნქტიანი შეთანხმება მხოლოდ ერთ-ერთი მათგანია.

ამასთან, მნიშნველოვანია გვესმოდეს, რომ რუსეთის ინტერესებში არ შედის ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოსთვის დაბრუნება. მოლდოვამ, მაგალითად, 1994 წელს გამოცხადებული ნეიტრალიტეტის მიუხედავად, ჯერაც ვერ დაიბრუნა დნესტრისპირეთი. რუსეთი ებრძვის თავის საზღვრებთან ერთიანი, ძლიერი და განვითარებული სახელმწიფოების არსებობას, რადგან ასეთ სახელმწიფოებს ადვილად ვერ მართავს. შესაბამისად, დაპირება, რომ ჩვენი საგარეო-პოლიტიკური კურსიდან გადახვევის სანაცვლოდ შევძლებთ გავმთლიანდეთ და განვითარების სწრაფი ტემპით ვიაროთ, რეალობას არ შეესაბამება.

თუ ჩვენივე ინიციატივით ვიტყვით დასავლეთზე უარს, რუსეთი კიდევ უფრო გამალებით ჩაერევა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და შედეგად  დავკარგავთ განვითარების იმ შანსსაც რომელსაც დასავლეთთან დაახლოება გვაძლევს. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის წინაპირობაა ღია და დემოკრატიული მმართველობის სისტემაზე გადასვლა. დასავლეთისკენ სწრაფვა „გვაიძულებს“ შევქმნათ ძლიერი და ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფო, სადაც მთავარ ღირებულებას წარმოადგენს ადამიანი. ასეთ ქვეყანაში გარანტირებული გვექნება სიტყვის, რწმენის და ღირსეული ცხოვრების უფლება. ამ გზის ალტერნატივა უკუსვლა და ეკონომიკურად და პოლიტიკურად მოწყვლად საქართველოში დარჩენაა. შესაბამისად, თუ შედეგებს გავიაზრებთ, საკუთარი ნებით რუსეთთან მიტმასვნა ირაციონალური არჩევანია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გარდა ძლიერი სამხედრო ძალისა, რუსეთის შესაკავებლად გვჭრდება ისეთი მოკავშირეები, რომლებიც ქვეყნისთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ.

რა გვიშლის ხელს დასავლეთთან დაახლოებას? ამ კითხვაზე პასუხი ორ ნაწილად უნდა გავყოთ. პირველი - რატომ ყოყმანობს დასავლეთი საქართველოს ჩართვაზე მის მიერ შექმნილ უსაფრთხოების სისტემაში და მეორე, რა დაბრკოლებები უნდა გადავლახოთ ჩვენ თვითონ.

 

რატომ ფრთხილობს დასავლეთი?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მნიშვნელოვანია თავისუფალი სამყაროს ლიდერის, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო-პოლიტიკურ ხედვაში გავერკვეთ. ამერიკა მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოა. დღევანდელი მდგომარეობით, არც ერთ სხვა ქვეყანას არ შესწევს ძალა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოახდინოს ძალის პროექცია და არ გააჩნია ალიანსების და მოკავშირეების ასეთი სრულყოფილი სისტემა. მიუხედავად ამ მოცემულობისა, ამერიკის წინაშე არსებული საფრთხეების ფონზე, ქვეყანაში აქტიურად კამათობენ, თუ რა არის ამერიკის სტრატეგიული საგარეო პოლიტიკური ინტერესები და რა რეგიონების დასაცავად ღირს ამერიკის სამხედრო ძალის და რესურსების გამოყენება.

 

ამ დისკუსიის ფართო კონტექსტში დასანახად ავტორი ვოლტერ რასელ მიდი ამერიკის საგარეო-პოლიტიკური ხედვის ოთხ ძირითად მიმართულებას გვთავაზობს. ესენი ჰამილტონისუილსონის, ჯეფერსონის და ჯექსონის საგარეო-პოლიტიკურ სკოლებად წოდებული მიმართულებებია. თითოეული სკოლა განსხვავებულად ხედავს ამერიკის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინტერესებს და ამერიკის მსოფლიოში ჩართულობის ერთგვარი გზამკვლევია.

 

ჰამილტონის სკოლის მიმდევრები ამერიკის წამყვან პრიორიტეტებად მიიჩნევენ ქვეყნის შიგნით სტაბილური საბაზრო ეკონომიკის განვითარებას და საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობას. ამ სკოლის აზრით, გლობალური გავლენა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და მათ დაცვას უნდა ემსახურებოდეს. ალექსანდერ ჰამილტონი, როგორც ამერიკის პირველი ფინანსთა მინისტრი, ქვეყნის ფინანსური სისტემის ფუძემდებლად ითვლება და ეს სკოლაც ამერიკის, როგორც ეკონომიკური ლიდერის, იდეის გარშემო ტრიალებს. ჰამილტონიანელები ამერიკის ეროვნული ინტერესების გასატარებლად საერთაშორისო ორგანიზაციების გვერდის ავლით დამოუკიდებლად მოქმედებას არ ერიდებიან. მაგალითად, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ უფროსის მმართველობის სტილს ხშირად ჰამილტონის სკოლის შეხედულებებთან აიგივებენ.

 

უილსონის სკოლის მიმდევრებს სწამთ, რომ ამერიკას მსოფლიოში განსაკუთრებული როლი აქვს და საერთაშორისო ინსტიტუტების მეშვეობით მშვიდობის მხარდაჭერის იდეით ხელმძღვანელობენ. ამ სკოლას მიაჩნია, რომ დემოკრატიისა და ამერიკული ღირებულებების მსოფლიოში გავრცელებით ქვეყანა თავის მორალურ და ეროვნულ ინტერსებს ერთობლივად ემსახურება და ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით მოქმედებს. ვუდრო უილსონი ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე იდეალისტ პრეზიდენტად მიიჩნევა, რომლის სახელსაც, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ერთა ლიგის შექმნა უკავშირდება. თანამედროვე კონტექსტში ამერიკის ყოფილ პრეზიდენტებს ჯიმი კარტერსა და ბარაკ ობამას უილსონის სკოლის მიმდევრებად მოიაზრებენ ხოლმე.

 

ჯეფერსონის სკოლა, რომელიც ამერიკის მესამე პრეზიდენტის - ტომას ჯეფერსონის სახელს ატარებს, უპირატესობას ანიჭებს დემოკრატიის დაცვას ამერიკის შიგნით და განსაკუთრებით ერიდება ამერიკამ აიღოს ისეთი საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებსაც ქვეყანა ან არ, ან ვერ შეასრულებს. შესაბამისად, ეს სკოლა განსაკუთრებით კრიტიკულად უყურებს ინტერვენციონიზმს და მიიცნევს, რომ საზღვარგარეთ სამხედრო აქტიურობა ამერიკის დემოკრატიულ სისტემას აზიანებს. ლიბერტარიანელები და სოციალისტები ხშირად ჯეფერსონის სკოლის იდეების გარშემო ერთიანდებიან. მაგალითად, ამ სკოლასთან ახლოს არიან ამერიკის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატები ბერნი სანდერსი, რონ და რენდ პოლები და ნიუ-იორკის დემოკრატი კონგრესმენი ალექსანდრია ოკასიო კორტესი.

 

ჯექსონის სკოლის წარმომადგენლებისთვის ეროვნულ ინტერესებს და ამერიკის უსაფრთხოებას წამყვანი მნიშვნელობა აქვს და ამერიკის სამხედრო ძალა ამ ინტერესების დაცვის მთავარი დასაყრდენია. ეს სკოლა ამერიკის მეშვიდე პრეზიდენტის - ენდრიუ ჯექსონის სახელს ატარებს. ამ იდეების მიმდევრები ინტერვენციას გაურბიან, მაგრამ თუ ეროვნული ინტერესები საფრთხეშია, გამარჯვება მათთვის ერთადერთი ალტერნატივაა. ჯექსონის სკოლა საერთაშორისო ინსტიტუტების მეშვეობით მოქმედების ნაცვლად, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და ქვეყნის ინტერესების დასაცავად მტკიცე სამხედრო პასუხს არ ერიდება. როგორც ავტორი ვოლტერ რასელ მიდი აღწერს, ამერიკაზე თავდასხმა ამ სკოლისთვის კრაზანის ბუდისთვის ფეხის დაბიჯების ტოლფასია და რეაქციაც შესაბამისია. ამერიკის ყოფილ პრეზიდენტებს ფრანკლინ დელანო რუზველტს, რონალდ რეიგანს და ჯორჯ ბუშ უმცროსს ხშირად ჯექსონის სკოლის მიმდევარ პრეზიდენტებად მოიხსენიებენ.

ამ განსხვავებული საგარეო-პოლიტიკური ხედვების ავკარგიანობაზე კამათი დღესაც არ წყდება და ის, თუ რომელი სკოლის წარმომადგენლები დომინირებენ ამერიკაში გადაწყვეტილების მიმღებთა რიგებში, კრიტიკულ გავლენას ახდენს მსოფლიო წესრიგზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ  ამერიკის პრეზიდენტებში მხოლოდ ერთი სკოლა იშვიათად ლიდერობს, და თუ ისტორიას გადავხედავთ, ამერიკის საგარეო-პოლიტიკური კურსი ხშირად ოთხივე სკოლის ნაზავია. მიუხედავად ამისა, უაღესად მნიშვნელოვანია, თუ რომელი იდეების ერთობლიობაა წამყვანი.

როგორც უოლტერ რასელ მიდის საგარეო-პოლიტიკური სკოლების ანალიზი გვიჩვენებს, ამერიკაში მოსაზრებათა მუდმივი ჭიდილია საერთაშორისო წესრიგის დაცვასა და ამერიკის ეროვნულ ინტერესებს შორის. მსოფლიო პოლიციელობა ამერიკისთვის დიდი ტვირთია და ქვეყანაში ბევრი გადაწყვეტილების მიმღები უკმაყოფილოა, რომ ამერიკის მიერ შექმნილი მსოფლიო წესრიგით „უბილეთო მგზავრები“ (free riders)  სარგებლობენ. ევროპის მაგალითზე, განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს ევროპის ქვეყნების თავდაცვის დაბალი ხარჯები, რუსეთთან გაზსადენების მშენებლობა და ირანთან და ჩინეთთან ამერიკის ძალისხმევისთვის ზურგის შექცევა. ამ კონტექსტში, საქართველოს მსგავსი სახელმწიფოების ამერიკის უსაფრთხოების სისტემაზე მიბმა დამატებით ვალდებულებად აღიქმება, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არაფერს მატებს.

მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია ამერიკაში გადაწყვეტილებების მიმღებებს დავანახოთ, თუ რატომ ღირს საქართველოსთან პარტნიორობა. საქართველო, ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით, აჩვენებს, რომ შესწევს ძალა იყოს არა მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი, არამედ - მწარმოებელიც. ამასთან, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ რუსეთი, როგორც რევიზიონისტი სახელმწიფო, ებრძვის ამერიკის გავლენას ევროპაში. მის შესაკავებლად რუსეთის დამოუკიდებელი და ძლიერი სახელმწიფოების რგოლში მოქცევა ამერიკის ინტერესებშია. რუსეთი მუდმივად ამოწმებს, თუ რამდენად მტკიცეა ამერიკის ერთგულება ევროპის უსაფრთხოების მიმართ და საქართველოსა და უკრაინის განსაცდელში მიტოვება ნათელი სიგნალია, რომ წითელი ხაზების მოსინჯვა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაშიც შეიძლება. რუსეთისთვის დათმობა ამერიკის სხვა რეგიონული მეტოქეებისთვისაც სიგნალია, რომ ამერიკის ინტერესების ხარჯზე მათი გავლენის სფეროს გაფართოება შესაძლებელია.

 

როგორ შეგვიძლია ამერიკის ჩართულობის გაძლიერება საქართველოში?

გარდა იმისა, რომ ამერიკასთან თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში დიდ გავლენას ახდეს ის, თუ როგორი საგარეო-პოლიტიკური ხედვები დომინირებს ქვეყანაში, არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენ რას ვაკეთებთ ამ პროცესის ხელშესაწყობად. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ დასავლეთთან ინტეგრაციის აქტიური ტემპი ისე, რომ რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელი არ ჩავიქნიოთ და მიზნამდე მივიდეთ.

ამ გზაზე სამი ურთიერთადკავშირებული სტრატეგია უნდა გამოვყოთ: ნატოში წევრობისკენ სწრაფვამერიკასთან ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა და სამხედრო პოტენციალის ზრდაში მნიშვნელოვანი რესურსის ჩადება.

საქართველოს დეკლარირებული საგარეო-პოლიტიკური კურსი დასავლეთთან ინტეგრაციაზე და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში წევრობაზე გადის. ნატოში გაერთიანება ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ქვაკუთხედად ითვლება და ამ გზით სვლა აქტიურად უნდა გავაგრძელოთ.

ამასთან, მნიშვნელოვანია ამერიკასთან ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის პოტენციალის მოსინჯვა. ორმხრივი თანამშრომლობა გულისხმობს როგორც თავდაცვითი იარაღის შესყიდვას და ერთობლივ წვრთნებს, ასევე ქვეყანაში ამერიკის სამხედრო ბაზის განთავსების შესაძლებლობას. ამერიკის სამხედრო ბაზის გამოჩენა საქართველოში არ არის მარტივი მოლაპარაკებების საგანი. ამერიკა ევროპის უსაფრთხოებას ნატოს ფორმატში უზრუნველყოფს, რამაც შესაძლოა საქართველოსთან ორმხრივი სამხედრო ჩართულობა შეაფერხოს, მაგრამ ეს ალტერნატივა ჩვენი დიპლომატიის მიზნად უნდა გავიხადოთ.

პერიოდულად საქართველოშიც ამბობენ, რომ ამერიკის ბაზის ქვეყანაში განთავსება ცუდი აზრია, რადგან ეს შეიძლება გახდეს რუსეთის პროვოცირების მიზეზი. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რას ნიშნავს ეს ცვლილება ჩვენი უსაფრთხოებისთვის. არსებული სამხედრო ბალანსით რუსეთს ბალტიის ქვეყნების დაპყრობა სადღაც 60 საათში შეუძლია. მიუხედავად ამ რეგიონის მიმართ ღიად აგრესული პოლიტიკისა, რატომ არ გადადის რუსეთი შეტევაზე? პასუხი მარტივია: რუსეთმა იცის, რომ მიღწეული გამარჯვების მიუხედავად, ნატო რეაგირებას მოახდენს და რუსეთს ამერიკის სამხედრო ძალასთან მოუწევს გამკლავება.

საქართველოს შემთხვევაში, ქვეყანაში ამერიკის ბაზის არსებობა ნატოს წევრობის ტოლფასია, რადგან მას იგივე შემაკავებელი ფუნქცია ექნება რუსეთთან დაკავშირებით, რაც აქვს ნატოს უსაფთხოების ქოლგას ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის. ამერიკის ბაზა უსაფრთხოების უფრო მყარ გარანტიადაც შეგვიძლია აღვიქვათ, რადგან თუ ნატოს ქმედებები კონსენსუსის პრინციპით 29 სახელმწიფოს შორის თანხმდება, ბაზირებული ამერიკის ჯარი დამოუკიდებლად მოქმედებს. შესაბამისად, ამერიკელი სამხედროების საქართველოში ყოფნა არათუ პროვოცირებას უკეთებს ომს, არამედ გვეხმარება ის თავიდან ავირიდოთ, რადგან რუსეთისთვის ცხადია, რომ საქართველოზე შეტევა ნიშავს ამერიკასთან დაპირისპირებას. ბალტიის ქვეყნების მაგალითზე კარგად ჩანს, რომ რუსეთი ასეთ კონფრონტაციას ერიდება.

რუსეთის მაპროვოცირებელია საქართველოს სისუსტე. სტრატეგიული პარტნიორების გარეშე მარტო დარჩენილი ქვეყანა ბევრად უფრო იოლი სამიზნეა რუსეთისთვის, ვიდრე მსოფლიოში წამყვანი სამხედრო ძალის მქონე ამერიკის გზავნილი, რომ საქართველოსთან დაპირისპირება მის სამხედროებთან საქმის დაჭერის ტოლფასია.

ამერიკული ბაზის საქართველოში განთავსების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიზნამდე მოკლევადიან პერსპექტივაში ვერ მივალთ, მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ის ალტერნატივები, რაც არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობაში შესაძლოა უფრო მისაღები იყოს ჩვენი პარტნიორებისთვის. ერთი ასეთი შემოთავაზება აშშ-ის ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესისგან მოდის, რომელიც აღმოსავლეთ ევრპოაში, უკრაინასა და საქართველოში როტაციული ძალების განთავსების რეკომენდაციით გამოდის. მსგავსი იდეების წინ წამოწევა და ლობირება ჩვენი დიპლომატიის საქმეა.

ბოლოს, როგორც შარშან საქარველოში ვიზიტად მყოფმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ ვეს მიჩელმა განაცხადა, ამერიკა აგრძელებს იმ სახელმწიფოების დახმარებას, რომლებიც ეხმარებიან საკუთარ თავს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩვენი რესურსების მობილიზებით ჯარისა და რეზერვის მნიშვნელოვნად გაძლიერება სწორედ ის დახმარებაა, რომელიც საკუთარ თავს ჩვენვე უნდა გავუწიოთ. სამხედრო ხარჯების შემცირება პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეას.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.