X

რონდელის ბლოგი

მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია

2022 / 03 / 10

გიორგი ბადრიძე, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი

 

უკრაინაში რუსეთის გაჩაღებულ ომს, მრავალ სხვა შედეგთან ერთად, მოჰყვა რუსეთის მოქალაქეების მრავალათასიანი ნაკადის შემოდინება საქართველოში. ამან ქვეყანაში დაპირისპირების კიდევ ერთი კერა გააჩინა, ოღონდ ამჯერად არა იმდენად საზოგადოების შიგნით, რამდენადაც მოქალაქეთა უმრავლესობას, რომელიც უკონტროლო იმიგრაციაში საფრთხეს ხედავს, და მთავრობას შორის, რომელიც აცხადებს, რომ არ აპირებს კონტროლის თუნდაც მინიმალური დონის შემოღებას. ხელისუფლების ყველაზე მაღალი ტრიბუნებიდან შეიძლება მოისმინოთ კრიტიკოსების დადანაშაულება ქსენოფობიაში და საკუთარი პოზიციის პრაგმატულად წარმოჩენა.

მოდი, გავერკვეთ ფაქტებში და იმაში, თუ რამდენად გამართლებულია თითოეული პოზიცია მორალურად ან პრაგმატულად.

თავად საქართველოს ოფიციალური მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე 25000-მა რუსეთის მოქალაქემ გადმოლახა საქართველოს საზღვარი. ხელისუფლების წარმომადგენლები გვიხსნიან, რომ ამაში არაფერია განსაკუთრებული, ამ რაოდენობის ვიზიტორები ადრეც გვყოლიაო. ოღონდ რატომღაც არ სურთ იმის აღიარება, რომ ეს რეკორდული მაჩვენებელი ასახავს უკვე არა საქართველოში რამდენიმე დღით ტურისტად ჩამოსული მოქალაქეების, არამედ გაურკვეველი ვადით ჩამოსული პოტენციური იმიგრანტების რაოდენობას. თანაც მათი შემოდინების ტემპი ყოველდღიურად იზრდება. მხოლოდ 6 იანვარს საქართველოს ავიახაზებმა შეასრულა უპრეცედენტო 9 რეისი თბილისსა და ერევანს შორის, რომლითაც კიდევ რამდენიმე ასეული რუსეთის მოქალაქე შემოვიდა.   

სახელმწიფო უშიშროების სამსახური გამოეხმაურა „ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების, კერძოდ, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეების ე.წ. მასიური და უკონტროლო შემოდინების შესახებ“ და დაგვპირდა, რომ „ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო სრულ კონტროლს ექვემდებარება“.

შემოდინება უკონტროლო რომაა, იქიდანაც აშკარაა, რომ რუსეთის მოქალაქეები აგრძელებენ (ცალმხრივი) უვიზო რეჟიმით სარგებლობას და რომ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს, იყო რუსეთის ხელისუფლების მიერ დევნილი და აწ უკვე დახურული ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტი. ასე რომ, აშკარაა - თუ რაიმე კონტროლი არსებობს, ის მხოლოდ პუტინისთვის მიუღებელ პირებს ეხება.

ასევე სრულიად წარმოუდგენელია მასობრივი არ უწოდო რუსეთიდან მოქალაქეების შემოდინებას, როცა მათი რაოდენობა ყველაზე წარმატებული ტურისტული სეზონის დროინდელ რიცხვს აჭარბებს ყოველგვარი ტურიზმის გარეშე - როგორც ზემოთ ითქვა, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის წარმოების შედეგად შექმნილ დისკომფორტს გამორიდებული ადამიანები ტურისტები არ არიან, რომლებიც საქართველოში კარგ დროს გაატარებენ, ფულს დახარჯავენ და რამდენიმე დღეში უკან გაბრუნდებიან.

ალბათ, მოქალაქეებმა თავად უნდა განსაჯონ, რამდენად  დამაჯერებლად ჟღერს განცხადება, რომ სუსი სრულად აკონტროლებს ვითარებას. თუკი ამის დამადასტურებელი რაიმე საბუთი არსებობს, სავარაუდოდ, მას სრულიად საიდუმლოდ ინახავენ, რადგან ამ ორგანიზაციის მიღწევებიდან ბოლო წლებში მხოლოდ რიგითი მოქალაქეების, პოლიტიკოსების და სასულიერო პირების მიყურადებაა ცნობილი. ძალიან ვისურვებდი, რომ ბოლო კვირების (და მანამდე წლების) განმავლობაში შემოსულებს შორის არ იყვნენ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომლებმაც თავი ისახელეს მკვლელობებით ბრიტანეთისა და გერმანიის მიწაზე, დივერსიების განხორციელებით ჩეხეთში და სხვაგან, მაგრამ უკიდურესად უპასუხისმგებლო მგონია კატეგორიული ტონით მტკიცება, რომ ეს გამორიცხულია.

თანაც უსაფრთხოების საკითხი დივერსანტების ჰიპოთეზური საკითხით არ შემოიფარგლება. მაგალითად - ვინმემ გამოიკვლია, რა შედეგები მოჰყვება, როცა დაბლოკილი ანგარიშების ან ამოწურული ფულადი სახსრების გამო ათასობით რუსი მოქალაქე ვეღარ გადაიხდის ბინის ქირას და ჩვენი სოციალური დახმარების არარსებული სისტემის პირობებში უმწეოდ დარჩება?

რა თქმა უნდა, რუსეთის მოქალაქეების შემოდინება ჰუმანიტარულ განზომილებაშიც უნდა განვიხილოთ, მაგრამ უნდა შევთანხმდეთ, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა არ არის ლტოლვილი: უკრაინელებისგან განსხვავებით, მათ თავზე არ აწვიმთ ბომბები. თუმცა მათ შორისაც არიან ადამიანები, რომლებიც გაშლილი ხელით უნდა მივიღოთ და ყოველგვარი დახმარება შევთავაზოთ. ოღონდ აქაც ხელისუფლების ქცევა მხოლოდ შეშფოთებას იწვევს: ზემოთ უკვე ითქვა, რომ გვაქვს შემთხვევები, როცა ისინი არა ეკონომიკურ დისკომფორტს, არამედ პუტინის დევნას გამოქცეულ მოქალაქეებს  აბრუნებენ უკან.  

რა თქმა უნდა, რუსეთის მოქალაქეებს კარი კი არ უნდა მივიჯახუნოთ, მაგრამ უნდა შემოვიღოთ თუნდაც მინიმალური კონტროლის მექანიზმი, მაგალითად, ელექტრონული ვიზების სისტემა, რომლითაც მოხდება ნაკადის რეგულირება და პრიორიტეტის მინიჭება მათთვის, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს ჩვენს თანადგომას. ინტერნეტის და სოციალური ქსელების ეპოქაში არაა ძნელი იმ პირების გამოვლენა, რომლებიც, მაგალითად, საქართველოს მიმართ მტრულად არიან განწყობილი.  

ამ საკითხის განხილვა შეუძლებელია სანქციების მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულების ხსენების გარეშე. იმედია, არავინ ფიქრობს, რომ ქვეყანას ან პირადად მას შეეძლება ფინანსურად იხეიროს ომის შედეგად წარმოქმნილი ვითარებით, რადგან ეს არა მხოლოდ ამორალური, არამედ სრულიად უგუნური და სახიფათო პოზიცია იქნებოდა. სხვადასხვა წყაროში უკვე გამოჩნდა მინიშნებები, რომ რუსეთი შეეცდება საქართველოს გამოყენებას საერთაშორისო სანქციების ეფექტის შესასუსტებლად, როგორც ეს 2014 წლის შემდეგ ბელარუსის მეშვეობით გააკეთა, როცა პროდუქციაზე იარლიყების გადაწებება ხდებოდა (მსგავსი რამ, ყოველგვარი სანქციების გარეშე, პირდაპირ იქნებოდა ევროკავშირთან ხელმოწერილი შეთანხმებების საწინააღმდეგო). იმ ფონზე, თუ რა სისწრაფით და მასშტაბით იზრდება სანქციების რიცხვი და სიმწვავე, თუნდაც ოდნავი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი არც კი გაიფიქრებდა რუსეთის ხელისუფლებასთან ან სანქცირებულ კერძო რუსულ კომპანიებთან და კერძო პირებთან საქმის დაჭერას. 

ვთავაზობ საქართველოს ხელისუფლებას, ახლიდან გაიაზროს შექმნილი ვითარება და სასწრაფოდ შეიმუშაოს ახალი საიმიგრაციო და სავაჭრო-ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც გაითვალისწინებს ჰუმანიტარულ განზომილებას, მაგრამ დაეფუძნება უკრაინასთან სოლიდარობას და ცივილიზებული სამყაროს მიერ შემოღებული სანქციების წესებს, რომელთა დარღვევა უმძიმეს ფასად დაუჯდება არა მხოლოდ ცალკეულ პირებს, არამედ მთელ ქვეყანას.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.