X

რონდელის ბლოგი

კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები

2018 / 02 / 05

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

 

2017 წლის დეკემბერში კრემლმა მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებები მიიღო, რაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებზეც მოახდენს გავლენას. კერძოდ, დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს უფროსად გამოცდილი დიპლომატი დაინიშნა.  ჩრდილოეთ კავკასიის საკითხთა სამინისტროში კი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი მინისტრის მოადგილის ახალი თანამდებობა შეიქმნა.

 

გამოცდილი დიპლომატი Россотрудничества-ს უფროსად

2017 წლის 19 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს [Россотрудничества] უფროსად ელეონორა მიტროფანოვა დანიშნა. მან ამ თანამდებობაზე ლიუბოვ გლებოვა შეცვალა, რომელიც სააგენტოს უფროსი იყო 2015 წლის 23 მარტიდან 2017 წლის 14 სექტემბრამდე. სექტემბერში გლებოვა გახდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი უდმურტეთის რესპუბლიკიდან.

სააგენტოს უფროსის თანამდებობა რამდენიმე თვე იყო ვაკანტური, რაც კრემლში სხვადასხვა ჯგუფს შორის დაპირისპირებითაც შეიძლება აიხსნას. გავრცელებული მოსაზრებით, მიტროფანოვას დანიშვნას აფერხებდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავლენიანი უფროსის მოადგილე სერგეი კირიენკო, რომლის პროტეჟედაც მიიჩნევა გლებოვა. გარდა ამისა, შემაფერხებელ ფაქტორად სახელდებოდა მიტროფანოვას ძმა, რომელსაც ეძებს რუსეთის მართლმსაჯულება. ალექსეი მიტროფანოვი ცნობილი რუსი პოლიტიკოსია, რომელიც პოლიტიკური პარტიების - „ლდპრ“-ისა და „სამართლიანი რუსეთის“ ყოფილი წევრია. 2014 წელს მას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნეს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღძრეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს.

მიტროფანოვას საერთაშორისო ასპარეზსა და დსთ-ის სივრცეში რუსი თანამემამულეების საკითხზე მუშაობის დიდ გამოცდილება აქვს. 2001-2003 წლებში იუნესკოს გენერალური მდივნის მოადგილე იყო მმართველობისა და ადმინისტრაციულ საკითხებში, 2003-2004 წლებში კი - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე. რუსეთის ისტორიაში იგი პირველი ქალი იყო, ვინც მინისტრის პირველი მოადგილის ადგილი დაიკავა. მიტროფანოვა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების უფლებების დაცვასა და საერთაშორისო კულტურული კავშირების განვითარებაზე იყო პასუხისმგებელი. მის პრიორიტეტებში დსთ-ის წევრ ქვეყნებში თანამემამულეების ინტერესების დაცვა, დსთ-ის სივრცეში რუსული ენის პოზიციების გაძლიერება, ომის ვეტერანებისა და რუსულენოვანი პენსიონერების მხარდაჭერა შედიოდა. 2004-2009 წლებში იგი ხელმძღვანელობდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საერთაშორისო სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის რუსულ ცენტრს (Росзарубежцентр), რომლის სამართალმემკვიდრედაც მიჩნეულია სააგენტო. 2009-2016 წლებში მიტროფანოვა იყო  რუსეთის წარმომადგენელი იუნესკოში.

სააგენტოს ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ მიტროფანოვამ თავისი საქმიანობის პრიორიტეტად დაასახელა კულტურის სფეროში დსთ-ის წევრ ქვეყნებთან რუსეთის თანამშრომლობის განვითარება, დსთ-ის სივრცეში რუსული ენის სწავლების გაფართოება და მასწავლებლების მომზადება. ასევე, მისი განცხადებით, იმ ქვეყნებში, რომლებთან ურთიერთობაშიც რუსეთს გარკვეული სირთულეები აქვს, აუცილებელია დიალოგისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.

საქართველო-რუსეთს შორის არსებული ურთიერთობის გამო საქართველოში სააგენტოს საქმიანობა შეზღუდულია, თუმცა სააგენტოს თავისი წარმომადგენლობები აქვს გახსნილი სოხუმსა (2009 წლიდან) და ცხინვალში (2010 წლიდან). სააგენტოში ამ ეტაპზე დსთ-ის საქმეთა სამმართველოს სერგეი მალენკო ხელმძღვანელობს, რომელიც ამ თანამდებობას 2015 წლის ნოემბრიდან იკავებს. ელენა ვოლგინა კი აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის განყოფილების უფროსია. მანამდე მის ადგილს ანასტასია მიკლინა იკავებდა, რომელიც ამჟამად ცენტრალური აზიის განყოფილებას ხელმძღვანელობს.

 

ოკუპირებული რეგიონების ახალი კურატორი ჩრდილოეთ კავკასიის საკითხთა სამინისტროში (Минкавказ России)

2017 წლის 21 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ჩრდილოეთ კავკასიის საკითხთა მინისტრის მოადგილედ იგორ კოშინი დანიშნა. მინისტრ ლევ კუზნეცოვის გადაწყვეტილებით, კოშინი საერთაშორისო თანამშრომლობის გარდა, რუსეთისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ურთიერთობებს გაუწევს კურირებას. დანიშვნამდე, 2014 წლის თებერვალ-2017 წლის სექტემბრის პერიოდში, კოშინი ნენეცის ავტონომიური ოლქის გუბერნატორი იყო. იგი ვადაზე ადრე გადადგა. კოშინს გუბერნატორებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რეიტინგი ჰქონდა. მას რეგიონში არსებულ ფინანსურ პრობლემებში ადანაშაულებდნენ, რაც ნავთობზე ფასების ვარდნითაც იყო გამოწვეული. რუსი ექსპერტების შეფასებით, კოშინის პოზიციები რეგიონში „როსნეფტის“ გააქტიურების შედეგად შესუსტდა, რადგან მას „ლუკოილის“ ინტერესების ლობისტად მიიჩნევდნენ.

2017 წლის მეორე ნახევარში ჩრდილოეთ კავკასიის საკითხთა სამინისტრო, რომელიც 2014 წლის 12 მაისს შეიქმნა, განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით.  საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორად კოშინის დანიშვნა კი აჩვენებს, რომ სამინისტროს როლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებში კიდევ უფრო გაიზრდება. სამინისტროს კომპეტენციაში ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში სახელმწიფო პროგრამების განხორციელების კოორდინაციის გარდა, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი, რუსეთის მიერ დაფინანსებული, საინვესტიციო პროექტების განხორციელების მონიტორინგიც შედის. ამისათვის, 2017 წლის მეორე ნახევარში მინისტრ კუზნეცოვს, 2015-2017 წლებისთვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამების განხორციელების მონიტორინგის მიზნით, ოკუპირებულ რეგიონებში არაერთი ვიზიტი ჰქონდა.

მაგალითად, 2017 წლის ივლისში კუზნეცოვი ესტუმრა აფხაზეთს და სოხუმში სოციალური ობიექტების სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა. იმავე თვეში ეწვია ცხინვალსაც, სადაც მან ობიექტების მშენებლობის ტემპები გააკრიტიკა და კონტრაქტორ კომპანიას დაჯარიმებით დაემუქრა. 2017 წლის ნოემბერში კუზნეცოვი კვლავ ჩავიდა აფხაზეთში და გაგრაში N2 საშუალო სკოლის, ელექტროქვესადგურისა და სასტუმროს მშენებლობა დაათვალიერა. სოხუმში დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ბესლან ბარციცთან ერთად რუსეთის ფინანსური დახმარებით სახლებში დამონტაჟებული ახალი ლიფტების ვარგისიანობა პირადად შეამოწმა. მან ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულებული მშენებლობა მოინახულა და მწვავედ გააკრიტიკა მშენებლები - მან უნივერსიტეტის ეზოში დაგებული ასფალტი და რექტორისა და პრორექტორის კაბინეტებში ჭერის მდგომარეობა დაიწუნა. „მსგავსი სამუშაოს ჩაბარება და ამაზე ხელის მოწერა არ შეიძლება, ეს რეალურად სირცხვილია“, - განაცხადა მინისტრმა.

2017 წლის სექტემბერში კუზნეცოვი ცხინვალს ესტუმრა და მშენებარე სამედიცინო-სოციალური ცენტრი, საოპერაციო-ქირურგიული ცენტრი, საბავშვო რესპუბლიკური საავადმყოფო და საუნივერსიტეტო კომპლექსი დაათვალიერა. 2017 წლის 8 დეკემბერს კუზნეცოვი კიდევ ერთხელ ეწვია სოხუმს, სადაც რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. რუსეთის მხრიდან კომისიას ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ხლოპონინი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე აფხაზეთის განვითარების საინვესტიციო პროგრამის რეალიზაციის შედეგები და 2018-2019 წლის გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე აფხაზურმა მხარემ განსაკუთრებით აღნიშნა ჩრდილოეთ კავკასიის საკითხთა სამინისტროსთან ეფექტური თანამშრომლობა. დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ბესლან ბარციცის განცხადებით, სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც აქტიურად არის ჩართული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში.

 

ძირითადი დასკვნები

·         დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს უფროსად გამოცდილი დიპლომატის დანიშვნა პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, სააგენტოს საქმიანობის გააქტიურებას შეუწყობს ხელს. ელეონორა მიტროფანოვა, რომელიც მის წინამორბედთან შედარებით უკეთესად იცნობს პოსტსაბჭოთა სივრცეს, დსთ-ის ქვეყნებში რუსული ენის პოპულარიზაციას კრემლის „რბილი ძალის“ მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევს. უახლოეს პერიოდში სწორედ ამ მიმართულებით უნდა ველოდოთ სააგენტოს გააქტიურებას, მათ შორის - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც.

 

·         2017 წელს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩრდილოეთ კავკასიის საკითხთა მინისტრის გახშირებული ვიზიტები და ოკუპირებული რეგიონების კურატორი მინისტრის მოადგილის თანამდებობის შემოღება მიუთითებს, რომ  აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის დაფინანსებით მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელების/მონიტორინგის პროცესში სამინისტროს როლი გაიზრდება.

 

ჩრდილოეთ კავკასიის საკითხთა სამინისტროს როლის გაზრდამ შესაძლოა ოკუპირებულ რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელების სფეროში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებული დსთ-ის წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს გავლენა შეასუსტოს, რომელსაც 2013 წლიდან რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ხელმძღვანელობს. ამ პერიოდამდე სურკოვი და მას დაქვემდებარებული უწყებები აკონტროლებდნენ ოკუპირებულ რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური პროექტების მიმდინარეობას და რუსეთის მიერ გამოყოფილი ფულის ხარჯვას. ამ მხრივ, 2017 წლის მეორე ნახევარში განვითარებული პროცესები გვაფიქრებინებს, რომ სურკოვს ამ სფეროში კონკურენცია შესაძლოა ჩრდილოეთ კავკასიის საკითხთა სამინისტრომ გაუწიოს, რაც ოკუპირებულ რეგიონებში მაღალბიუჯეტიანი პროექტების კონტროლისთვის კრემლის ჯგუფებს შორის ბრძოლას გაამწვავებს.

 

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.