X

რონდელის ბლოგი

რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში

2018 / 06 / 11

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

 

2018 წლის 30 მარტს რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ახალ „ელჩად“ ალექსეი დვინიანინი დაინიშნა. მან სემიონ გრიგორიევი შეცვალა, რომელიც აფხაზეთში „ელჩის“ მოვალეობას 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ასრულებდა. ახალი „ელჩი“, ყოფილის მსგავსად, სამხრეთ კავკასიის საკითხების კარგი მცოდნეა. დვინიანინის აფხაზური კარიერა 2018 წლის 15 მაისს დაიწყო, როდესაც მან აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს - რაულ ხაჯიმბას რწმუნებათა სიგელი გადასცა.

 

რუსეთის „საელჩო“ აფხაზეთში - პირველი ნაბიჯები

აფხაზეთში რუსეთის „საელჩო“ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაიხსნა. 2008 წლის 9 სექტემბერს, „მხარეებს“ შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, 2008 წლის 25 ოქტომბერს აფხაზეთში რუსეთის პირველ „ელჩად“ სემიონ გრიგორიევი დაინიშნა. 2008 წლის 16 დეკემბერს გრიგორიევმა რწმუნებათა სიგელი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს გადასცა.

2009 წლის 9 თებერვალს აფხაზეთში რუსეთის „საელჩო“ ოფიციალურად დაფუძნდა. 2009 წლის 30 აპრილს კი გრიგორიევი ხუთ თანამშრომელთან ერთად სოხუმში ჩავიდა. „საელჩოში“ამ ეტაპზე 18 დიპლომატი მუშაობს. თავდაპირველად „საელჩო“ დსთ-ის სამშვიდობო ძალების ყოფილ შტაბში, სანატორიუმ „სუხუმის“ ტერიტორიაზე განთავსდა. 2017 წლის 18 აპრილს „საელჩოს“ ახალი შენობის გახსნას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც დაესწრო. 

 

სემიონ გრიგორიევი – რუსეთის პირველი „ელჩი“ აფხაზეთში

სემიონ გრიგორიევს აფხაზეთი ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა დაეტოვებინა, მაგრამ მისი მოღვაწეობა ერთი წლით გახანგრძლივდა. ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის 18 აპრილს რუსეთის „საელჩოს“ ახალი შენობის გახსნაზე ჩასულ სერგეი ლავროვს ადგილობრივი პოლიტიკური ელიტისთვის ახალი „ელჩის“ კანდიდატურაც უნდა გაეცნო, მაგრამ მაშინ გრიგორიევის შემცვლელის ვინაობა არ დასახელებულა.

გრიგორიევი რუსეთის პოლიტიკურ წრეებში კარგი დიპლომატისა და აღმოსავლეთის საქმეების კარგი მცოდნის რეპუტაციით სარგებლობს. თავის დროზე აფხაზეთში მისი გაგზავნა მიუთითებდა, რომ მოსკოვი აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, მაშინ როცა ცხინვალის რეგიონში ბევრად ნაკლები წონის „ელჩი“ - ელბრუს კარგიევი მიავლინეს.

გრიგორიევმა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი დაამთავრა და 1983 წლიდან დიპლომატიურ საქმიანობას ეწევა. 1983 წელს მუშაობდა ავღანეთში საბჭოთა კავშირის საელჩოში, 1990-1997 წლებში კი - ირანში, სსრკ/რუსეთის საელჩოში. გრიგორიევი საქართველოს საკითხში საკმაოდ გათვითცნობიერებული დიპლომატია. 2003-2006 წლებში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის (4ДСНГ) დირექტორის მოადგილის რანგში, რუსულ-ქართულ ურთიერთობებს კურირებდა და რუსული დელეგაციის შემადგენლობაში ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხებზე მუშაობდა. 2008 წლის თებერვალ-დეკემბერში დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. იგი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხებს კურირებდა. შემდგომში გრიგორიევი აფხაზეთში „ელჩად“ დაინიშნა. მისი ხანგრძლივი დიპლომატიური მოღვაწეობა აფხაზეთში 2018 წლის 20 მარტს დასრულდა.

 

გრიგორიევის მიღწევები

რუსეთ-აფხაზეთის ახალი ტიპის ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაში გრიგორიევმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. 2008 წლის ომის შემდეგ შექმნილი ახალი რეალობიდან გამომდინარე კრემლმა აფხაზეთთან „სახელმწიფოებრივ“ დონეზე კავშირების გამყარება ოფიციალურად დაიწყო. გრიგორიევის მოღვაწეობის დროს ჩაეყარა საფუძველი ორმხრივი თანამშრომლობისთვის აუცილებელ  სახელშეკრულებო-სამართლებრივ ბაზას (2008 წლის აგვისტოს ომიდან დღემდე 100-ზე მეტი შეთანხმება და ხელშეკრულება დაიდო) და  სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამას.

2014 წლის 24 ნოემბერს, გრიგორიევის მოღვაწეობის პერიოდში გაფორმდა „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ხელშეკრულება. 2013 წელს პრეზიდენტის რანგში პირველად ეწვია აფხაზეთს ვლადიმერ პუტინი. 2017 წლის აგვისტოში აფხაზეთში კიდევ ერთხელ ჩავიდა პუტინი. 2017 წლის აპრილში რუსეთის „საელჩოს“ ახალი შენობა გაიხსნა. გრიგორიევის „ელჩობის“ პერიოდში აფხაზეთში ჩატარდა რუსეთის სახელმწიფო დუმისა და პრეზიდენტის არჩევნები.

გრიგორიევს აფხაზურმა მხარემ არაერთი ჯილდო გადასცა, მათ შორის 2012 წლის 1 ნოემბერს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიანიჭეს; 2010 და 2013 წლებში რუსეთსა და აფხაზეთს შორის მეგობრობის გამყარებაში შეტანილი წვლილისთვის ორდენით დააჯილდოვეს; 2013 წელს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააჯილდოვა მედლით „დამსახურებისათვის“ და „ელჩობის“დასასრულს აფხაზეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - I ხარისხის „ახიძ-აფშას“ორდენიც მიიღო.

 

გრიგორიევის გამოწვევები

გრიგორიევის „ელჩობის“ პერიოდში ერთ-ერთი მწვავე საკითხი რუსეთის მოქალაქეების მიერ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის საკითხი იყო, რომელიც 2008 წლის შემდეგ ჯერაც მოუგვარებელია.

2013 წლის სექტემბერში აფხაზეთში მოკლეს რუსეთის „საელჩოს“ პირველი მდივანი დიმიტრი ვიშერნევი. 2017 წლის ივლისში მოკლეს რუსი ტურისტი, ბიჭვინთაში ავიაკატასტროფას კი ორი რუსი ტურისტი შეეწირა. ამავე წლის აგვისტოში სოფ. პრიმორსკში საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქების შედეგად ორი რუსი ტურისტი დაიღუპა.

2017 წლის ივლისში აფხაზეთში რუსი ტურისტის მკვლელობის გამო გრიგორიევმა მწვავედ გააკრიტიკა აფხაზეთის ხელისუფლება. მისი თქმით, მან არაერთხელ უთხრა აფხაზეთის ხელისუფლებას, რომ რუსი დამსვენებლებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მათი პრიორიტეტული ამოცანა უნდა ყოფილიყო. მისი შეფასებით, ადგილობრივ სამართალდამცავებს უმოკლეს დროში უნდა მოეძებნათ, დაეკავებინათ და დაესაჯათ დამნაშავეები. „ელჩის“ ამგვარი განცხადებები მწვავედ შეაფასეს აფხაზმა პოლიტიკოსებმა და საზოგადოებამ და „ელჩს“ შიდა აფხაზურ საქმეებში ჩარევაში დასდეს ბრალი.

 

ალექსეი დვინიანინი - რუსეთის ახალი „ელჩი“ აფხაზეთში

აფხაზეთში რუსეთის რიგით მეორე „ელჩი“ - ალექსეი დვინიანინი 2018 წლის 30 მარტს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაინიშნა. ალექსეი დვინიანინი 1967 წლის 5 მარტს ქ. ვორონეჟში დაიბადა. 1989 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი. 2008 წლის 25 იანვარს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაჯილდოვდა სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის II ხარისხის ორდენით. 2011 წლის 15 აგვისტოს მიენიჭა მე-2 კლასის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის რანგი. იგი სამხრეთ კავკასიის, მათ შორის საქართველოს, საკითხებში საკმაოდ გათვითცნობიერებული დიპლომატია. იგი სამხრეთ კავკასიის თემატიკაზე გამართული კონფერენციების ხშირი მონაწილე და კონფლიქტების შესახებ სტატიების ავტორია.

დვინიანინის დიპლომატიური კარიერა 1989 წელს, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დაიწყო. სხვადასხვა  პერიოდში მუშაობდა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ასევე საზღვარგარეთის წარმომადგენლობებში, მათ შორის ნიუ-იორკში, გაეროში რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობაში (1995-1999 წლები) და ვენაში, ეუთოს მუდმივ წარმომადგენლობაში (2002-2005 წლები).

საქართველოს საკითხი დვინიანინის პასუხისმგებლობის სფერო 2006 წლიდან გახდა, როდესაც იგი დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის (4ДСНГ) რეგიონული კონფლიქტების მოგვარების განყოფილების უფროსად დაინიშნა. 2009 წლიდან  2018 წლის მარტამდე, „ელჩად“ დანიშვნამდე, დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

დვინიანინი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩამოყალიბებული ჟენევის დისკუსიების აქტიური მონაწილე იყო. 2011-2018 წლებში იგი ჟენევის დისკუსიებზე რუსული დელეგაციის უფროსის მოადგილე იყო და აქტიურად იყო ჩართული დისკუსიების მოსამზადებელ პროცესში. მისი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სფერო იყო საქართველოს ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებთან ჟენევის მოლაპარაკების რაუნდზე განსახილველი თემების მომზადება და პოზიციების შეჯერება.

 

დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტი (4ДСНГ)

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობას დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტი (4ДСНГ) კურირებს. დეპარტამენტის პასუხისმგებლობის სფეროა აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, 2008 წლიდან კი - საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიც. 2011 წლის 4 ივლისიდან დეპარტამენტის დირექტორია ალექსეი პავლოვსკი. პავლოვსკი საგარეო პოლიტიკის კოორდინაციის მექანიზმის ფარგლებში სამინისტროში პერიოდულად კონსულტაციებს მართავს რუსეთში ოკუპირებული რეგიონების „ელჩებთან“.

ძირითადი დასკვნები

  • რუსეთი აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონთან შედარებით, უფრო დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს და „ელჩებად“ სამხრეთ კავკასიის, მათ შორის, საქართველოს საკითხებში გათვითცნობიერებულ გამოცდილ დიპლომატებს ნიშნავს. აფხაზეთში რუსეთის ორივე „ელჩი“ თავისი მოღვაწეობის სხვადასხვა ეტაპზე საქართველოსთან ურთიერთობაზე იყვნენ პასუხისმგებელნი.
  • საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მოღვაწე რუსეთის „ელჩების“ უმრავლესობის კარიერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტს (4ДСНГ) უკავშირდება. გარდა აფხაზეთში რუსეთის „ელჩებისა“, 2007-2008 წლებში დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი იყო ცხინვალის რეგიონში რუსეთის პირველი „ელჩი“ ელბრუს კარგიევიც.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.