X

რონდელის ბლოგი

ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები

2022 / 03 / 22

დავით შატაკიშვილი, საჯარო მმართველობის მაგისტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი

 

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია, სხვა გარემოებებთან ერთად, აუცილებლად შეცვლის ენერგეტიკულ გეოპოლიტიკასა და ძალთა გადანაწილებას. რუსული აგრესიის პირველივე დღიდან დაიწყო მსჯელობა ეკონომიკურ სანქციებზე, ევროპის ენერგოუსაფრთხოებისა და ბაზრების დივერსიფიცირების მნიშვნელობაზე. ეს მხოლოდ რუსეთისთვის ფინანსური ზიანის მიყენების სურვილს არ გულისხმობს და უფრო საკუთარი სტაბილურობისა და გრძელვადიანი ენერგომდგრადობის უზრუნველყოფას მოიცავს, ასევე - რუსეთისთვის უდიდესი პოლიტიკურ-ეკონომიკური ბერკეტის ხელიდან გამოცლას, რომელიც მისთვის ინტერესების გასატარებელი ერთ-ერთი მთავარი იარაღია. როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტს სჯერა, რომ მისი ენერგოწყაროები იმდენად ღირებულია ევროპისთვის, რომ ამ სტრატეგიულ რესურსზე თავდასხმა ნაკლებად მოსალოდნელია. ეს ნაწილობრივ მართალიცაა. ევროპის მაღალი დამოკიდებულება რუსულ ენერგომატარებლებზე გარკვეულწილად ზღუდავს დასავლეთის მყისიერ რეაგირებას სამხედრო აგრესიის შემთხვევაშიც კი და მას მეტად მოზომილი პოლიტიკის გატარებისაკენ უბიძგებს. თუმცა, მისთვის ჩნდება ახალი შესაძლებლობები, იზრუნოს საკუთარ ენერგომომავალზე და პრაქტიკულად განახორციელოს შეთანხმებული მიზანი, რომ ევროპა აღარ იყოს მოწყვლადი ერთი მომწოდებლისგან მომდინარე პოტენციური საფრთხეების გამო. საინტერესოა, მკაფიო რუსული აგრესიის ფონზე რას მოიმოქმედებს მსოფლიო თანამეგობრობა, რა ალტერნატიული საბაზრო რესურსები არსებობს და რა სცენარებითაა შესაძლებელი მოვლენების განვითარება.

 

აგრესორისათვის გასაცემი ენერგოპასუხის შესაძლებლობები

რუსეთისთვის ენერგეტიკული რესურსები საბიუჯეტო შემოსავლების მთავარი წყაროა. 2021 წელს, მხოლოდ გაზისა და ნედლი ნავთობის ექსპორტიდან ქვეყანამ 160 მილიარდამდე აშშ დოლარი მიიღო. მისი დღიური წარმოება დაახლოებით 11 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობია, რომლის ნახევარს შიდა მოხმარებისთვის იყენებს, ხოლო 5-6 მილიონი ბარელი კი მისი დღიური ექსპორტია. ექსპორტირებული ნავთობიდან დაახლოებით 2.5 მილიონი ბარელი მიემართება ევროპის ქვეყნებისკენ, ხოლო დღიური 1.8 მილიონი ბარელი - ჩინეთისკენ.

უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, აქტიურად განიხილებოდა რუსეთის ენერგორესურსების სანქცირების საკითხი. მეორე მხრივ, რუსეთსაც აქვს რესურსი, რომ ევროპას ხანმოკლე ენერგოშოკი მოუწყოს. მაგალითად, ევროპისთვის გაზის სრული გადაკეტვით გაზპრომი, საშუალოდ, დღიურ 215 მილიონ დოლარს დაკარგავს. სამთვიანი ემბარგოს შემთხვევაში, ჯამური დანაკარგი დაახლოებით 20 მილიარდი დოლარი იქნება. ამ სცენარის განვითარება უფრო რეალური იქნებოდა სანქციების ამოქმედებამდე პერიოდში, იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ცენტრალურ ბანკში 630 მილიარდი დოლარის ფინანსური რეზერვია მობილიზებული, თუმცა ამჯერად ეს აქტივები გაყინულია. გარდა ამისა, ქვეყანაში არსებობს სხვა სახის ფულადი სახსრები, რომლისთვისაც მოკლებული თანხა შესაძლოა უღირდეს პრეზიდენტ პუტინს ევროპაში საკუთარი ძალის დემონსტრირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ, ევროპული კანონმდებლობით, ყველა იმპორტიორი ქვეყანა ვალდებულია, ჰქონდეს ენერგეტიკული რესურსების სამთვიანი მარაგი და ევროპას ჯერჯერობით აქვს ამის რესურსი, გაზის გადაკეტვის გადაწყვეტილება მისთვის მაინც მძიმე დარტყმა იქნებოდა.

პუტინის მხრიდან უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის, ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა „ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა და განაცხადა, რომ კონფლიქტის გამწვავების გამო ეს პროექტი წინ ვერ წაიწევს. თუმცა, რამდენიმე დღის წინ ისიც თქვა, რომ ევროპა მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას, მაგრამ მზად არ არიან უარი თქვან რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტზე. ამერიკა აქტიურად განიხილავდა რუსული ენერგორესურსების სანქცირების საკითხებს, თან ფასებზე გავლენის გათვლებსაც აკეთებდა, რათა შესაბამისი ზომების მიღება უკუშედეგის მომტანი არ ყოფილიყო. შედეგად, შეერთებული შტატები რუსულ ნავთობსა და გაზზე ემბარგოს აწესებს, რუსულ ენერგორესურსებზე უარი თქვა კანადამაც. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით კი, მათ ქვეყანაში 2022 წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტი შეწყდება.

 

ევროპის ენერგოუსაფრთხოება

ყოველი კრიზისის დროს აქტიურდება დისკუსია რუსულ ენერგომატარებლებზე მნიშვნელოვნად დამოკიდებულებაზე. ევროპული ქვეყნები ცდილობენ განახლებადი ენერგიის თანდათანობით დანერგვასა და გამოყენებას, თუმცა მას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ჯერჯერობით, ევროპის მასშტაბით განახლებადი ენერგიის წყაროებზე ჯამური ენერგომოხმარების 22% მოდის. მაგალითისათვის, გერმანიამ, კლიმატის ცვლილებების გათვალისწინებით, უარი თქვა ქვანახშირის ელექტროსადგურებზე, ფუკუშიმას ბირთვულ ელექტროსადგურზე მომხდარი შემთხვევის შემდეგ კი ნაწილობრივ დახურა საკუთარი ატომური ელექტროსადგურები.

ევროპა საკუთარი გაზმომარაგების დაახლოებით 40%-ს სწორედ რუსეთიდან იღებს, შემდგომ ადგილებზეა ნორვეგია (22%), ალჟირი (18%) და აზერბაიჯანი (9%). მაგალითად, ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკის - გერმანიის - მთლიანი ენერგომოხმარების 25% გაზზე მოდის, ხოლო მთლიანი გაზმომარაგების 55%-ს კი რუსეთიდან იღებს. გარდა ამისა, ევროპა ყიდულობს თხევად გაზს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ამერიკამ ევროპაში თხევადი გაზის ექსპორტი საგრძნობლად გაზარდა. რადგანაც თხევადი გაზის ტრანსპორტირება გემებით ხდება, მას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი საპორტო ინფრასტრუქტურა, რაც ჯერჯერობით ევროპული პორტების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს. ამ მხრივ კიდევ ერთი გამოწვევაა რეზერვების ტევადობის ნაკლებობა. სწორედ ამიტომ გერმანიამ უკვე დააანონსა თხევადი გაზის ტერმინალების მშენებლობა.

ფაქტია, რომ დასავლეთმა საკუთარ ენერგოუსაფრთხოებაზე ფიქრი უფრო აქტიურად დაიწყო. როგორც გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ კაბეკმა თქვა: „ჩვენ მოვახდენთ ჩვენი ენერგოსისტემის დივერსიფიცირებას, ჩვენ აღარ ვიყიდით ამ რაოდენობით ქვანახშირსა და გაზს რუსეთისგან“.

 

მდგრადი ენერგეტიკული ალტერნატივები

ზოგადად, ნავთობის მომწოდებლის შეცვლა, მისი ტრანსპორტირების საშუალებებიდან გამომდინარე გაცილებით მარტივია, ვიდრე ბუნებრივი აირის. შესაბამისად, რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებული ქვეყნებისთვის ნავთობის მიმწოდებლების დივერსიფიცირება შესაძლოა უფრო დროული და ეფექტიანი აღმოჩნდეს.

ბუნებრივი აირი

გაზის მარაგებით მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანა რუსეთია, ხოლო შემდეგ ადგილებს ირანი და კატარი ინაწილებენ. ევროპას ბუნებრივი აირის მიმწოდებლების დივერსიფიცირების რამოდენიმე შესაძლებლობა აქვს. მაგალითად, ნორვეგიას, ჰოლანდიასა და დიდ ბრიტანეთს ჩრდილოეთის ზღვაში ჭაბურღილებით გაზის მოპოვების გაზრდა შეუძლიათ. ევროპას საკუთარი გაზმომარაგების დაახლოებით 30% სწორედ ჩრდილოეთის ზღვიდან მიეწოდება. გარდა ამისა, არსებობს ალჟირის გაზსადენების მეტი დატვირთვით ამუშავების შესაძლებლობაც. ასევე, სამხრეთ ევროპის ნაწილისათვის შესაძლებელია აზერბაიჯანის რესურსის გამოყენება.

ბუნებრივი აირის ჩანაცვლების ერთ-ერთი კარგი ალტერნატივა გათხევადებული ბუნებრივი აირია. მაღალი ფასის მიუხედავად, მისი მთავარი უპირატესობაა ის, რომ ტრანსპორტირებისთვის მილსადენები არ არის საჭირო და ერთი პუნქტიდან მეორეში გადატანა უპრობლემოდაა შესაძლებელი. ამერიკასთან ერთად, თხევადი გაზის ექსპორტისთვის მზადყოფნა გამოთქვა იაპონიამაც.

ნავთობი

ევროპას, ბუნებრივ აირთან ერთად, ნავთობის მიმწოდებლების დივერსიფიცირების შესაძლებლობაც აქვს. პირველ რიგში, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციამ (OPEC) უნდა გაზარდოს ისეთი ქვეყნების კვოტები თვიურ მოპოვებაზე, როგორებიცაა საუდის არაბეთი, კატარი, ანგოლა და ნიგერია. მაგალითად, საუდის არაბეთს შეუძლია დღიურად 3.5-5 მილიონი ბარელით მეტის წარმოება, რაც ევროპას საშუალებას მისცემს რუსეთიდან ექსპორტის დაახლოებით 30% ჩაანაცვლოს. ნავთობის მოპოვება, საერთოდ, პანდემიის გამო ჯერ კიდევ 2020 წლიდანაა შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ალტერნატივად ირანის ეკონომიკური სანქციების შემსუბუქება განიხილება, რაც მას შესაძლებლობას მისცემს არსებული დღიური 1.5 მილიონი ბარელის წარმოება გააორმაგოს. რა თქმა უნდა, ირანული ნავთობი მთლიანად ვერ გავა ევროპაში, თუმცა მისი ნახევრის შემთხვევაშიც შესაძლებელია რუსული იმპორტის 25-30%-ის ჩანაცვლება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირანმა უკვე წინასწარ გამოაცხადა ნავთობის ექსპორტის ზრდა.

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს აწარმოებს ნავთობით მდიდარ ვენესუელასთანაც, რომ სანქციების მოხსნის სანაცვლოდ  გაზარდოს ბაზარზე ნავთობის მიწოდება. ამერიკასაც აქვს საკუთარი ნავთობმოპოვების ზრდის რესურსი. მან უკვე დაიწყო დღიურად 1.3 მილიონი ბარელი ნავთობის გაყიდვა საკუთარი სტრატეგიული რეზერვებიდან.

გარდა ზემოაღნიშნულისა, არსებობს ნახშირისგან საწვავის მიღების საკმაოდ საინტერესო ტექნოლოგია, რასაც აქტიურად იყენებს როგორც ბრიტანეთი, ასევე აფრიკისა და აზიის რიგი ქვეყნები.

 

რას უნდა ველოდოთ?

მსოფლიო თანხმდება, რომ რუსეთისთვის ფინანსური და პოლიტიკური ზიანის მიყენების ყველაზე ეფექტიანი საშუალება სწორედ ენერგობლოკადაა, თუმცა მის განსახორციელებლად ევროპა პრაქტიკულად მზად არ არის.

ცხადია, მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარი არსებობს. პირველ რიგში, შესაძლებელია, რომ კონფლიქტის ფონზე ევროპამ მაინც შეინარჩუნოს ენერგეტიკული მოცემულობა. მეორე მხრივ, ნაკლებ სავარაუდოა, თუმცა მცირე შანსი მაინც არსებობს, რომ რუსეთმა ევროპას მოკლე ენერგოშოკი მოუწყოს. ამ შემთხვევაში, ევროპა დაზარალდება, თუმცა საქმე კრიტიკულ სიტუაციამდე არ მივა. ამასთან, სავარაუდოა, რომ ამერიკას, კანადასა და ბრიტანეთთან ერთად სხვა ქვეყნებმაც მიმართონ  რუსეთის ენერგოსანქცირებას, თუმცა ეს ნაბიჯი ევროპის მხრიდან ნაკლებად სავარაუდოა. ნებისმიერ შემთხვევაში გარდაუვალია ენერგოპროდუქტებზე ფასების ზრდა.

აუცილებელია, რომ ევროპა მზად იყოს მოვლენების ნებისმიერი სახით განვითარებისათვის. მოკლევადიან პერიოდში, ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, ანუ თუ ომი გაგრძელდა, რუსეთისთვის დაკისრებული სანქციები შედეგს გამოიღებს და შესაძლოა კიდევ უფრო გამკაცრდეს. პუტინის იმპულსური ქმედებების ფონზე შესაძლებელია შემოდგომა-ზამთრის პერიოდში რუსეთმა ევროპა გაზის გარეშე დატოვოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ქვეყნებმა შეძლონ საკუთარი რეზერვების შევსება და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით მოლაპარაკებები დაიწყონ.

საშუალოვადიან პერიოდში აუცილებელი გახდება განახლებადი ენერგიის წყაროების მაქსიმალური ათვისება და მის შემდგომ განვითარებაზე ზრუნვა. ასევე მნიშვნელოვანია გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმება პოტენციურ ენერგომომწოდებლებთან. ამ პერიოდში საჭიროა თხევადი გაზის ტერმინალების მშენებლობა და შესაბამისი საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნა თხევადი გაზის მისაღებად.

გრძელვადიან პერიოდში კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს განახლებადი ენერგიის რეფორმა, ენერგოეფექტურობის მიღწევა და მისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.