X

რონდელის ბლოგი

ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები

2023 / 06 / 21

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები არაერთი გამოწვევის, მათ შორის – ეკონომიკური ხასიათის, წინაშე აღმოჩნდნენ. რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა ეს რეგიონები რუსული დაფინანსებისა თუ ეკონომიკური მხარდაჭერის მიღების შემცირების საფრთხის წინაშე დააყენა, ამიტომაც ოკუპირებულ რეგიონებში ახალ რეალობასთან ადაპტირებას ცდილობენ. ამავე დროს, სანქცირებული რუსეთისთვის აფხაზეთის ტერიტორიამ  და იქ არსებულმა ინფრასტრუქტურამ სხვა მიმზიდველობა შეიძინა, რასაც რუსეთი სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობად განიხილავს, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება კი – დამატებითი შემოსავლის წყაროდ. სტატიაში ბოლო პერიოდში აფხაზეთის მიმართულებით განვითარებულ რამდენიმე საინტერესო მოვლენას განვიხილავთ, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი ეკონომიკური პროცესების შესაძლო განვითარებაზე მიუთითებს.

 

რუსული დაფინანსების შემცირების მოლოდინში

2022 წლის 10 მარტს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ კვირაში, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩმა, რომელიც ოკუპირებული რეგიონების კურატორია, TASS-თან ინტერვიუში დაფინანსების მოსალოდნელ შემცირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი უფრო მეტად დამოუკიდებლები გახდებიან და ნაკლებად იქნებიან დამოკიდებულები რუსულ დოტაციაზე. ვოლვაჩის გზავნილი კარგად გაიგეს სოხუმსა და ცხინვალში, სადაც ომში მყოფი რუსეთისგან ხელგაშლილ დახმარებას აღარ ელიან.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აფხაზეთისა და, განსაკუთრებით, ცხინვალის რეგიონის „ბიუჯეტის“ დონორად და ამ რეგიონების მთავარ ეკონომიკურ პარტნიორად რჩება, ზოგიერთი მიმართულებით დაფინანსება უკვე შემცირდა: მაგ., ორივე რეგიონი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, 2023-2025 წლებში, 3.5 მლრდ რუბლს მიიღებს მაშინ, როდესაც წინა სამწლიანი პროგრამისთვის 4.5 მლრდ რუბლი იყო გამოყოფილი.

დაფინანსების შემცირებას შეგუებულია ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევიც, რომელმაც 29 მაისს დე ფაქტო პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მისი „პრეზიდენტობის“ ერთი წლის შეჯამებისას, რუსული დაფინანსების მოსალოდნელი შემცირების შესახებ ღიად განაცხადა: „ახლა რთული დროა. ჩვენი მოკავშირე ომობს, და ჩვენ მას ვეხმარებით, როგორც შეგვიძლია. ის დრო, როდესაც მას შეეძლო ფინანსურად დაგვხმარებოდა, დასრულდა. ახლა მას ძალიან უჭირს და ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს. ამიტომ ჩვენ გაგვიჭირდება.“

 

ვაჭრობის „ლეგალიზაცია“

რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ეკონომიკური კუთხით უკვე აისახა ოკუპირებულ რეგიონებზე, განსაკუთრებით, აფხაზეთზე, სადაც, ზოგიერთ პროდუქტზე შექმნილი დეფიციტის აღმოფხვრის გზას ქართულ მხარესთან ეკონომიკური ურთიერთობების წახალისებაში ხედავენ.

მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შეზღუდული რაოდენობით სხვადასხვა პროდუქციის გადატანა, ენგურის ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით, აქამდეც შესაძლებელი იყო, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ იმ პროდუქციის ჩამონათვალი გააფართოვა, რომლის გადატანაც უკვე „ოფიციალურად“ ნებადართულია. 2023 წლის 31 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შორის გარკვეული კატეგორიის პროდუქციის (მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურის ნერგები, სასოფლო-სამეურნეო კულტურის თესლი, ცოცხალი შინაური ფრინველი, შინაური ცხოველების საკვები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ტექნიკა, საავტომობილო ტრანსპორტი, ავტონაწილები, ავტომობილის ზეთები) გადატანა გამარტივდება.

ბჟანიას ოპონენტების შეფასებით, დე ფაქტო ხელისუფლებას ასეთი გადაწყვეტილებით „საქართველოსთან ვაჭრობის ლეგალიზაცია“ სურს. კრიტიკის პასუხად დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთი განმარტება გააკეთეს, რაც თავის მართლების გარდა, მიღებული გადაწყვეტილების საჭიროების დამტკიცებასაც ისახავს მიზნად:

  • ე.წ. საბაჟო კომიტეტის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეხება და საბაჟო მოსაკრებლის გადახდის შემდგომ ფიზიკური პირები ტვირთის ტრანსპორტირებას შეძლებენ. „კომიტეტის“ თავმჯდომარის, ოთარ ხეციას თქმით, მათ მხოლოდ იმ პროდუქციის ჩამონათვალის დაკანონება გადაწყვიტეს, რომელიც ისედაც შემოდიოდა დე ფაქტო რესპუბლიკაში. როგორც აღნიშნა, „ისინი მხოლოდ გამარტივებული პროცედურით აფორმებენ ტვირთებს, რომლებიც აფხაზეთის მოქალაქეებს (ინდმეწარმეებს) მეზობელი ქვეყნიდან (იგულისხმება საქართველო) შემოაქვთ. ტვირთის ღირებულება 600 000 რუბლს არ უნდა აღემატებოდეს“.
  • დე ფაქტო სოფლის მეურნეობის მინისტრისა და ვიცე-პრემიერ ბესლან ჯოპუას განცხადებით, „არავინ აპირებს საქართველოსთან ვაჭრობის ლეგალიზაციას“. მისი თქმით, რუსული მხარე აფხაზეთს ეხმარება, თუმცა ზოგიერთი სახის ნარგავებისა და ტექნიკის რუსეთიდან შემოტანა სანქციების გამო შეუძლებელია. ჯოპუას განცხადებით, „მათ უწევთ ზოგიერთ მოქალაქეს სთხოვონ დეფიციტური პროდუქციის შემოტანა, რომელიც მოქალაქეებს შემოაქვთ თურქეთიდან და შეიძლება – საქართველოდანაც“.

·         ასლან ბჟანიას განცხადებით, „თეზისი, რომ ჩვენ საქართველოს ეკონომიკას ვუჭერთ მხარს, დაუსაბუთებელია“. ბჟანიამ თქვა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ხალხის ინტერესებიდან გამოდიოდა.

ამ ეტაპზე რთულია დაზუსტებით ვთქვათ, თუ პრაქტიკულად როგორ მუშაობს 31 მარტის დადგენილება, მაგრამ ფაქტია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დეფიციტური პროდუქციის შეტანას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით იმედოვნებენ. 

დეფიციტური პროდუქციის შეტანის კონტექსტშიც შეიძლება განვიხილოთ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს 2022 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის რაიონების მოსახლეობას ყოველი თვის 20-30 რიცხვებში ოძისი/მოსაბრუნისა და პერევი/ქარძმანის ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების გავლით საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა აფხაზეთთან შედარებით ბევრად ნაკლებია და ეკონომიკური ცხოვრებაც პასიურია, ასეთი გადაწყვეტილების შედეგად, ახალგორისა და ჯავის მოსახლეობას შეუზღუდავად შეუძლია ხელბარგის გადატანა, მათ შორის ისეთი პროდუქციის, რომელზეც რუსეთში სანქციებია დაწესებული.

 

სატრანსპორტო დერეფანი

2023 წლის 23 მარტს აფხაზეთში პირველად დაფიქსირდა საკონტეინერო მატარებლის (სულ 62 კონტეინერი, რომლითაც 2700 ტონა ტვირთი გადაიზიდა) გადაადგილების შემთხვევა. არსებული ინფორმაციით, ტვირთი ოჩამჩირის პორტში გემში ჩაიტვირთა და თურქეთის მიმართულებით გადაადგილდა. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა ტვირთის გადაზიდვა მოხდა და ტვირთით დაბრუნდა საკონტეინერო მატარებელი რუსეთში თუ ტვირთის გარეშე.

ეს იყო პირველი საკონტეინერო მატარებელი, მაგრამ სატრანზიტო გადაზიდვები დასავლური სანქციების გვერდის ავლის მიზნით ოჩამჩირის პორტიდან მანამდეც ხორციელდებოდა. ე.წ. საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ალიას ლაბახუას განცხადებით, „ეს არ იყო პირველი მერცხალი, იყო სხვა ტრანზიტებიც, თუმცა მცირე პარტიებით, მარშრუტის შემოწმება მიმდინარეობდა“. „აფხაზეთის რკინიგზის“ გენდირექტორის თანაშემწის, ოქტაი ხაზირიშის თქმით, ბოლო პერიოდში გაიზარდა სატვირთო გადაზიდვები და რკინიგზის შემოსავლები. ამის მიზეზად მან დაასახელა გარე (შეიცვალა ლოგისტიკური ჯაჭვი რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო და ასევე გაიზარდა ფასები და მოთხოვნა ქვანახშირსა და სხვა ტვირთებზე) და შიდა (გაიზარდა „აფხაზეთის რკინიგზის“ გამტარუნარიანობა) ფაქტორები.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი „აფხაზეთის რკინიგზასა“ და ოჩამჩირის პორტს სხვადასხვა პროდუქციის კონტრაბანდისთვის ადრეც იყენებდა. კერძოდ, 2015 წელს სოხუმში დაფიქსირდა რუსული მატარებლის ვაგონები, რომელიც ქვანახშირით იყო დატვირთული. გაჩნდა მოსაზრება, რომ მოცემული ქვანახშირი უკრაინაში, ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში იყო მოპოვებული, რომელიც ტრანზიტულად თურქეთში მიემართებოდა. მსგავსი სქემების გამოყენება რუსეთს აპრობირებული აქვს და 2014 წლიდან, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ იყენებს. მაგ., უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებთან არალეგალური ვაჭრობის მიზნით 2015 წელს ცხინვალში დარეგისტრირდა „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი“. Meduza-ს 2018 წლის ოქტომბრისა და Washington Post-ის 2018 წლის ნოემბრის ჟურნალისტური გამოძიებების მიხედვით, „ბანკი“ საგანგებო შავი სქემისთვის შეიქმნა. კერძოდ, იქიდან გამომდინარე, რომ 2022 წლამდე რუსეთს უკრაინის სეპარატისტული რესპუბლიკები ფორმალურად არ ჰყავდა აღიარებული, მათთან საბანკო ოპერაციების გზით ვაჭრობის წარმოება დასავლეთის სანქციებს გამოიწვევდა. „ბანკის“ შუამავლობით „რესპუბლიკები“ რუსეთისგან იძენდნენ საწვავს, საკვებს, სამშენებლო მასალას და რუსეთში ყიდდნენ საკუთარ პროდუქციას. ომის პირობებში ამგვარი სქემის არსებობის აუცილებლობა გაქრა.

„აფხაზეთის რკინიგზის“ ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ არ არის სრულად რეაბილიტირებული და მისი გამტარუნარიანობა შეზღუდულია, თუმცა ბოლო წლებში თავად რკინიგზის ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა. გარკვეული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ოჩამჩირის რკინიგზის სადგურსა და პორტს შორის დამაკავშირებელ რკინიგზის ხაზსაც, თუმცა თავად ოჩამჩირის პორტის შესაძლებლობები შეზღუდულია.

აშკარაა, რომ აფხაზეთში რკინიგზის რეაბილიტაცია მხოლოდ სამგზავრო გადაზიდვების გაზრდისა და ტურიზმის ხელშეწყობის მოტივით არ არის განპირობებული. ის ფაქტიც კი, რომ ბოლო წლებში რკინიგზით გაზრდილია ტვირთების გადაზიდვის მასშტაბები და გადაზიდვისგან მიღებული შემოსავლები, მიუთითებს, რომ ყველაფერი ეს დე ფაქტო რესპუბლიკაში ეკონომიკის ზრდით ვერ იქნება განპირობებული. აქ ცალსახად იკვეთება რუსეთის გაზრდილი ინტერესი. „აფხაზეთის რკინიგზის“ ცნობით, 2022 წელს რკინიგზით აფხაზეთში 796 ათასი ტონა ტვირთი მიიღეს (სულ 11 902 ვაგონი), რაც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვანი მატებაა: 2021 წელს – 455,4 ათასი ტონა (7 057), 2020 წელს – 216,2 ათასი ტონა (3 517). საინტერესოა, რომ 2023 წლის მხოლოდ ორ თვეში 206 576 ტონა ტვირთი (სულ 3 036 ვაგონი) მიიღეს.

ოკუპირებული აფხაზეთის სატრანზიტო პოტენციალის მიმართ ინტერესს რუსეთის მაღალჩინოსნები ღიადაც აფიქსირებენ. მაგ., 12 მაისს რუსეთს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა სერგეი კატირინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში, ქართულ-რუსული ურთიერთობის პერსპექტივებზე საუბრისას, განაცხადა, რომ უნდა დაიგეგმოს სარკინიგზო ტრანზიტი აბრეშუმის გზის მარშრუტის ფარგლებში, რომელიც მოიცავს ჩინეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და საქართველოს, მათ შორის, აფხაზეთის ტერიტორიას. ამ ეტაპზე ამ პროექტის რეალიზაციის პერსპექტივა გეოპოლიტიკური გამოწვევების გამო ნაკლებად რეალურად გამოიყურება, თუმცა მნიშვნელოვანია თავად ის ფაქტი, რომ რუსეთი დასავლეთთან დაპირისპირების პირობებში სამხრეთ კავკასიას და მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთს ალტერნატიულ მარშრუტად მოიაზრებს.

 

ძირითადი დასკვნები

  • დასავლეთთან დაპირისპირებისა და სანქციების პირობებში რუსეთი ახალი სატრანზიტო დერეფნების განვითარებას ცდილობს. ოკუპირებული აფხაზეთისადმი ინტერესიც სწორედ მოსკოვის მხრიდან დასავლური სანქციების გვერდის ავლის მცდელობის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური მარშრუტის ტექნიკური რესურსი შეზღუდულია, ვითარება იმდენად კრიტიკულია, რომ მოსკოვისთვის ყველა ვარიანტი მისაღებია. შესაბამისად, ახლო მომავალში უნდა ველოდოთ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე გამავალ სატრანზიტო დერეფანზე რუსეთის მოთხოვნა გაიზრდება.
  • დე ფაქტო ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ვაჭრობის გამარტივების შესახებ განპირობებულია რუსეთიდან გარკვეული კატეგორიის პროდუქციის იმპორტის გართულებით, რადგან სანქციების პირობებში ამ პროდუქციის შეტანა თავად რუსეთშიც გართულებულია ან მისი აფხაზეთში იმპორტი გაძვირებულია. ამ შემთხვევაში, დე ფაქტო მთავრობა შექმნილი დეფიციტის აღმოფხვრის ერთ-ერთ გზას ქართულ მხარესთან გარკვეულ სფეროში ეკონომიკური ურთიერთობის წახალისებაში ხედავს.
  • საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისგან იზოლირებული აფხაზეთისთვის რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა შესაძლებლობის ფანჯარაც გახსნა, რაც ოკუპირებულ აფხაზეთს ამ ეტაპზე საშუალებას მისცემს რუსეთისთვის სატრანზიტო დერეფნის როლი შეასრულეს და ამ არალეგალური ეკონომიკური საქმიანობით შემოსავალი მიიღოს.
  • 2020 წლიდან, ასლან ბჟანიას დე ფაქტო პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მომხრეებმა ქართულ მხარესთან ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების კუთხით რამდენიმე განცხადება გააკეთეს. რამდენიმე თვეა აფხაზურმა მხარემ უკვე მოხსნა ქართულ მხარესთან ვაჭრობაზე დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვაც, რამაც პერსპექტივაში შეიძლება ოკუპირებულ აფხაზეთში ოფიციალური თბილისის ეკონომიკური გავლენის გაზრდას  შეუწყოს ხელი. თუმცა, ამ მხრივ, საქართველოს მთავრობის რეაგირება საოკუპაციო ხაზის მეორე მხრიდან წამოსულ ინიციატივებზე, როგორც წესი, პასიურია და ძირითადად არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას ემსახურება. ამ შემთხვევაში კი, როდესაც ეს არ არის უფრო ფართო და გააზრებული პოლიტიკის ნაწილი, რთულია ერთ რომელიმე სფეროში მოპოვებული სარგებელი უფრო დიდი ცვლილებების საწინდარი გახდეს.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.